წარმოდგენები ფრანგულ სტილზე, ხშირად, საკმაოდ გაზვიადებულია და ის უბრალოდ ათწლეულების განმავლობაში ფესვგადგმული სტერეოტიპების ერთობლიობაა. თუმცა ერთი რამ უდავოა – ფრანგების ინდივიდუალური სტილი კვლავ ახერხებს აქტუალურობის შენარჩუნებას. ამის კარგი მაგალითია Netflix-ის სერიალი – „ემილი პარიზში.“

როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, სერიალის მთავარი გმირის, ემილი კუპერის ჩაცმის სტილმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება დაიმსახურა. რასაც ვერ ვიტყვით ფრანგ პერსონაჟებზე. შოუს კოსტიუმების დიზაინერებმა ნამდვილად იზრუნეს, რომ ამერიკელებს და ფრანგებს შორის სტილის კონტრასტი შესამჩნევი ყოფილიყო.

სერიალის ფრანგული სტილის სიმბოლო Sylvie Grateau-ის პერსონაჟია. სილვი ფრანგული მარკეტინგული კომპანიის, „სავუარის“ ხელმძღვანელია.

მსახიობი Philippine Leroy-Beaulieu, როგორც სილვი, სერიალში – „ემილი პარიზში.“

საინტერესოა, რომ შოუს კოსტიუმების დიზაინერებმა სილვის იმიჯის შექმნისას შთაგონებად ფრანგული მოდის და სტილის კერპი, კარინ როიტფელდი გამოიყენეს. მსგავსება კარინის სტილსა და სერიალის პერსონაჟს შორის ადვილი შესამჩნევია.

როიტფელდი 25 წლის განმავლობაში შანელის მოდის სახლის სტილისტი იყო. გარდა ამისა, 90-იან წლებში, ის მუშაობდა გუჩის და სენ ლორანის იმიჯზეც. 2001 წელს კი, კარინმა ფრანგული ვოგის მთავარი რედაქტორის თანამდებობაც დაიკავა.

კარინ როიტფელდი

გაბედული, თავისუფალი, თავდაჯერებული ფრანგი ქალი, რომელმაც ზუსტად იცის სად და როგორ უნდა მოირგოს, კარინ როიტფელდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტილს, რომელიც უკვდავია. ის არასდროს იცვლება ტრენდების მიხედვით, თუმცა ყოველთვის არის შექმნილი ახალი მომენტის მონაწილე, რადგან კარგად არჩევს ბიზნესს როგორც პირადი ინტერესებისგან, ასევე გემოვნებისგან. გამომდინარე აქედან, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ კარინ როიტფელდი იქცა Emily In Paris -ის შემქმნელების შთაგონებად.