ორი ათწლეულია Youtube ინტერნეტის მთავარი მოთამაშეა. ვიდეო პლატფორმა, რომელზეც ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანი ერთმანეთს საინტერესო კონტენტს უზიარებს, პირველი საიტია,  რომელიც გვახსენდება, როდესაც ვიდეო მასალის მოძიება გვსურს. 2010-იანი წლებიდან საიტი პოპულარობის და ფულის გამომუშავების ეფექტური გზაც გახდა. შეიქმნა ახალი „პროფესია“, რომელსაც იუთუბერს ვუწოდებთ. პოპულარულ იუთუბერებს მილიონობით გამომწერი და მაყურებელი ჰყავთ, რაც მათ შემოსავალზეც ისახება. როგორც ფორბსი 2018 წელს წერდა, იუთუბერები წელიწადში 20 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებენ.

ასეთი რეალობის ფონზე,ყოველთვის მიკვირდა, რატომ და როგორ ვერ დაეწია მოდის ინდუსტრია იუთუბერობის ტრენდს. მიუხედავად იმისა, რომ საიტზე ბევრი არხია, რომელზეც ტანსაცმელზე, ტრენდებზე, სილამაზეზე და მოდასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე საუბრობენ, Youtube-ზე ინდუსტრიის პროფესიონალი სუპერმოდელი, დიზაინერები, კრიტიკოსები, თუ შოუების სთრიმები მხოლოდ გასული რამდენიმე წლის მონაპოვარია. უფრო კონკრეტულად, Youtube მაღალ მოდაში გასულ 3 წელში გამოჩნდა, რაც ძლიერ უკავშირდება კაცს, რომლის სახელი შესაძლოა არ იცით, მაგრამ სახე აუცილებლად გექნებათ შემჩნეული.

@Derek Blasberg

დერეკ ბლასბერგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელმაც მოდაში მუშაობა სამოდელო სააგენტოებით დაიწყო, სადაც მოდელების ბიოგრაფიებს წერდა. სწავლის დასრულების შემდეგ, დერეკი ჟურნალ ვოგში ასისტენტად მოხვდა.  შრომის და ნიჭის შედეგად, დერეკმა მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ჟურნალისტის და რედაქტორის რეპუტაცია მოიპოვა. მის რეზიუმეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მედიასაშუალებები ამშვენებენ, ვოგიდან CNN – ის ჩათვლით. გასულ 16 წელში, ბლასბერგი ყველა მნიშვნელოვანი მოდური მოვლენის ნაწილი იყო. მას შეხება ჰქონდა და პირადად იცნობს ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან ხალხს. დერეკს საკმარისი ცოდნა, გამოცდილება, კონტაქტები და გავლენა აქვს. ამიტომ 2018 წელს იუთუბმა მოდის და სილამაზის დეპარტამენტის უფროსად სწორედ დერეკ ბლასბერგი დანიშნა. ამ გადაწყვეტილებით ვიცოდით, რომ Youtube მაღალ მოდასთან აქტიური დიალოგის დასაწყებად მზად იყო.

ამის დასტურია 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი, რომელზეც Youtube პირველად ჩაერთო მოდის კვირეულის გაშუქებაში. ჯამში, ნიუ-იორკიდან პარიზის ჩათვლით, 43 ტოპ შოუ ლაივში გადაიცა. მათ შორის: ტომ ფორდი, მარკ ჯეიკობსი, პრადა, ლუევე, ბალენსიაგა, დიორი და ა.შ. მაყურებელმა პირველად იხილა შანელის და ბოთეგა ვენეტას ლაივ სთრიმები. წარსულში, ეს ორი უდიდესი ბრენდი იუთუბზე პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა. პრეცედენტი შეიქმნა ახალ სეზონზე.

„ჩემი სახე მოდური თვის დასასრულს, რომელიც 7 თებერვალს ლოს-ანჯელესში ტომ ფორდის შოუზე დაიწყო და პარიზში ლუი ვიტონის ჩვენებაზე დამთავრდა. ჯამში, 43 შოუ YouTube.com/Fashion -ზე ლაივში გადაიცა, სეზონის ათასობის საკულტო ლუქის ჩაიწერა (მადლობა პირველ ლაივ-სთრიმერებს შანელს და ბოთეგა ვენეტას!)“

2019 წელს იუთუბს სუპერმოდელები ნაომი ქემბელი, ნატალია ვოდიანოვა და დოუცენ კრუსი შეუერთდნენ.

დერეკმა ბრენდების შემოქმედებით ხელმძღვანელებთან ინტერვიუების სერიაც დაიწყო. ერთ-ერთი პირველი სტუმარი ლუევეს ჯონათან ანდერსონია.

სუპერმოდელებს არ ჩამორჩა მარკ ჯეიკობსიც, რომელმაც იუთუბზე აქტიურობა გასული წლის თებერვლიდან დაიწყო.

წინა კვირას, ბლასბერგი ჯიჯი ჰადიდთან ერთად, მომენტის ყველაზე პრესტიჟული დიზაინ კონკურსის, LVMH Prize-ს ფინალისტების გაცნობაშიც ჩაერთო.

დერეკის გლამურული ცხოვრება გვაფიქრებინებს, რომ მისი საქმიანობა მშვენიერ სუპერმოდელებთან ერთად წვეულებებზე სიარულია, თუმცა Youtube- ს მოდურ სამყაროში გააქტიურება გვარწმუნებს, რომ ბლასბერგი მხოლოდ გართობით არ არის დაკავებული და ახალ სამსახურს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.