მოდის ისტორია და პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ ნებისმიერი დიზაინერისთვის, საკუთარი ხელწერის პოვნა წარმატებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავი, ნენსი დოჯაკა ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

ნენსი დოჯაკა

ნენსი დოჯაკა დაიბადა ალბანეთში. ნენსი მოდის დიზაინს ლონდონის სახელგანთქმულ აკადემიაში, Central Saint Martins-ში სწავლობდა. 2017 წელს, თავის საბაკალავრო ჩვენებამდე თვეებით ადრე, ნენსიმ საკუთარი ბრენდი – Nensi Dojaka შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლის მეოთხე კურსზე ბიზნესის დაწყება საკმაოდ ნაადრევად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ახალგაზრდა დიზაინერს ბრენდში მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა, რაც მის პროფესიულ უნარებზე დადებითად აისახა. საკუთარი ბრენდის შექმნამდე, დოჯაკა პიტერ პილოტოს და ფიოდორ გოლანის ინტერნი იყო.

რაც შეეხება მის ინსპირაციას, ახალგაზრდა დიზაინერი შთაგონებად ჰელმუტ ლენგს და ენ დემულემესტერს ასახელებს. თუ მის კოლექციებს გადავავლებთ თვალს, ნათლად დავინახავთ ჰელმუტის და ენის გავლენას, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ დოჯაკას სტილი ავთენტურია და ის ახლებურად წარმოაჩენს 90-იანი წლების მინიმალიზმს.

ნენსი ქალის თეთრეულის დეტალების, სექსუალური ჭრების, ბრეტელების თავისებურად წარმოდგენით, არაფორმალური, ყოველდღიური სამოსის ელემენტებისა და გამჭირვალე ქსოვილების გაერთიანებით სენსუალურ და ადვილად საცნობ კოლექციებს ქმნის. მისი ესთეტიკა საკმაოდ მიმზიდველი გახდა ვარსკვლავებში.

2020 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, ბელა ჰადიდი ნენსის კოლექციით გამოჩნდა. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ალბანელი დიზაინერის საერთაშორისო წარმატება. მას შემდეგ, რაც ცნობილმა სუპერმოდელმა ფოტოები ინსტაგრამზე ატვირთა, დოჯაკას ეს კონკრეტული ლუქი სრულად გაიყიდა.

კომერციული წარმატების შემდეგ, ნენსის დიზაინით ცნობილი მაღაზიები დაინტერესდნენ და 2021 წლის დასაწყისში, ახალგაზრდა დიზაინერის სახელი უკვე ისეთ პრესტიჟულ სავაჭრო სივრცეებში გამოჩნდა, როგორებიცაა: Farfetch, LuisaViaRoma და Mytheresa.

2021 წლის გაზაფხულზე, ალბანელმა მონაწილეობა მიიღო მოდის უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსში და გაიმარჯვა. ჯილდოს სახით, ნენსის 300,000 ევრო გადაეცა. სოლიდურ ინვესტიციას მოჰყვა პირველი დამოუკიდებელი ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულზე.

29 ნოემბერს, ბრიტანეთის მოდის საბჭომ, ნენსის, როგორც ამომავალ ვარსკვლავს, Fashion Awards 2021-ზე, დამფუძნებელთა საპატიო ჯილდოც გადასცა. ამგვარად, გასულ 12 თვეში, ალბანელი დიზაინერი მოდის გლობალური ინდუსტრიის ცენტრში აღმოჩნდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ დოჯაკას სახელსა და გვარს მომავალ წელსაც ხშირად გავიგებთ.