დენიელ ლის ტრიუმფი სულ ახლახანს დაიწყო, თუმცა მისმა დიზაინმა და ესთეტიკამ მოდის მოყვარულების გულებში უკვე დაიკავა განსაკუთრებული ადგილი. 2020 წელს, როდესაც ბრენდები იხურება და პანდემიით გამოწვეული კრიზისი აზიანებს უდიდეს მოდის სახლებსაც კი, ბოთეგა ვენეტას გაყიდვები არ ეცემა, პირიქით – ბრენდი თავდაჯერებულად უმკლავდება შექმნილ რთულ რეალობას.
ეს გარემოება განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ დენიელი, თანამედროვე დიზაინერებში, ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი მოთამაშეა. ბოთეგა ვენეტაში მისი რევოლუცია ძალიან ჩუმი, მშვიდი, ერთი შეხედვით მარტივი და უმტკივნეულო იყო. მან უკვე დაამტკიცა, რომ საკმაოდ ფრთხილია, შეუძლია შეინარჩუნოს მოთმინება, არ აყვეს მომენტის ტენდენციას და საკუთარი ხედვით გააგრძელოს სვლა.
თუ არსებობს დიზაინერი, რომელიც პანდემიით პარალიზებულ მსოფლიოში, ციფრული მოდის კვირეულის ტენდენციაზე უარს იტყოდა და ალტერნატივად გასაიდუმლოებულ ჩვენებას შემოგვთავაზებდა, მაშინ, ეს – სწორედ დენიელ ლი უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა, დენიელმა ახალი კოლექციის შოუ 2 თვის წინ, დახურულ გარემოში მოაწყო, თუმცა საზოგადოებას ის დღეს წარუდგინა.
როგორც ირკვევა, ოქტომბრის დასაწყისში, ინგლისელმა დიზაინერმა Bottega Veneta – ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება, მილანის ნაცვლად, მშობლიურ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში გამართა.
მიუხედავად იმისა, რომ შოუზე დამსწრე საზოგადოების რაოდენობა მაქსიმალურად შეზღუდული იყო, დისტანციის დაცვით, ყველა სტუმრის მოთავსება მაინც ვერ მოხერხდა. ამიტომ იტალიურმა ბრენდმა კოლექცია ორჯერ წარადგინა, ერთი შოუ გახლდათ რედაქტორებისთვის და ჟურნალისტებისთვის, მეორე – კლიენტებისთვის და ვარსკვლავებისთვის. აღსანიშნავია, რომ შოუს ესწრებოდნენ: კანიე უესტი ქალიშვილთან ერთად, ფრანსუა პინო, სალმა ჰაიეკი და როუზი ჰანგთინთონ-უაიტლი.
ჩვენება გარეშე ფოტოგრაფებისთვის დახურული იყო, მეტიც, შოუს დაწყებამდე, სტუმრებმა ბრენდის წარმომადგენლებს ტელეფონები გამორთულ მდგომარეობაში ჩააბარეს, რათა არ მომხდარიყო ფოტოების და ვიდეოების წინასწარ გავრცელება.
Bottega Veneta გაზაფხული/ზაფხული 2021
შემოქმედებითი დირექტორი: დენიელ ლი





