10 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სანახაობრივი მოვლენა, Met Gala, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბრუნდება. როგორც Page Six იუწყებოდა, 2021 წლის მეტ გალა განსხვავებული თარიღით, თუმცა უცვლელი თემით გაიმართებოდა, ხოლო საღამოს თანაორგანიზატორებს შორის, ახალგაზრდა პოეტი, ამანდა გორმანი და ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი, ტომ ფორდი იქნებოდნენ. რამდენიმე საათის წინ, Vogue -ის ამერიკულმა გამოცემამ დაადასტურა, რომ 2021 წელს, რეგულაციების და რეკომენდაციების სრული დაცვით, Met Gala მართლაც გაიმართება.

გთავაზობთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ Met Gala 2021 -ის შესახებ:

კოსტიუმების ინსტიტუტი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სივრცეა. მისი ისტორია 1937 წლიდან იწყება. სწორედ კოსტიუმების ინსტიტუტს და მის ყოველწლიურ მთავარ თემატურ გამოფენას უკავშირდება Met Gala, რომელიც 1948 წლიდან, ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს იმართება. 2020 წელს, პანდემიური რეალობიდან გამომდინარე, მეტ გალას მასშტაბური წითელი ხალიჩა არ მოეწყო. რაც შეეხება დღეს გავრცელებულ სიახლეს, ცნობილი ხდება, რომ ტრადიცია წელსაც დაირღვევა და მეტ გალა, მაისის პირველი ორშაბათის ნაცვლად, 13 სექტემბერს გაიმართება.  სავარაუდოა, რომ ორგანიზატორები ამ დროისათვის მეტად სტაბილურ პანდემიურ ვითარებას და ვირუსის გავრცელების მეტად მართვად რეალობას ელოდებიან.

შეიცვალა თემაც. ყოველ წელს, Met Gala-ს წითელ ხალიჩას და გამოფენას აქვს თემა. თემის გათვალისწინებით ხდება იმ დიზაინერების შერჩევა, რომელთა სამოსიც იქნება გამოფენაზე წარმოდგენილი. რაც შეეხება წითელ ხალიჩას, ისევ და ისევ თემიდან გამომდინარე, არსებობს „დრესკოდი,“ რომელიც მიწვეულმა სტუმრებმა უნდა დაიცვან.

2018 წლის მეტ გალას თემა: მოდა და კათოლიკური წარმოსახვა
წითელ ხალიჩაზე: რიანა ჯონ გალიანოს Dior-ის კოსტიუმში

2020 წლის მეტ გალას თემად შეირჩა: “დრო: მოდა და ხანგრძლივობა”, რაც გულისხმობდა მოდაში დროის მნიშვნელობის წარმოჩენას, განსხვავებული ეპოქების საინტერესოდ დაკავშირებას და ინტერპრეტაციას. როგორც ვოგის სტატიიდან ვიგებთ, სექტემბერში, 2021 წლის Met Gala-ს თემა იქნება: “ამერიკული მოდის ლექსიკა” და ის ორიენტირდება თანამედროვე ამერიკელი დიზაინერების ნამუშევრებზე.   

გარდა ამისა, ამერიკული მოდისთვის მიძღვნილი მეტ გალა 2 ნაწილად გაიყოფა. მეორე თემის სახელწოდებაა “ამერიკული მოდის ანთოლოგია” და ის ამერიკულ მოდას ისტორიულ ჭრილში წარმოაჩენს, ყურადღება დაეთმობა არა მხოლოდ დღეს აქტუალურ ბრენდებს, არამედ წარსულში მნიშვნელოვან მომენტებს, დაუსრულებელ ამბებს, მოვლენებს, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა ამერიკული მოდა განსხვავებული, კიდევ უფრო საინტერესო კუთხით განევითარებინათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე თემა პოლიტიკურიცაა, რადგან ის პრობლემური წარსულის გადახედვასაც გულისხმობს, აგრეთვე – წლების განმავლობაში “დაკარგული” ისტორიების ხელახლა გაზიარებას.

ორ ნაწილად წარმოდგენილი მეტ გალა პრეცედენტული მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებას მრავალწლიანი ისტორია აქვს, მსგავსი ფორმატით, წარსულში, ის არასდროს გამართულა. როგორც უკვე ითქვა, პირველი ნაწილი – “ამერიკული მოდის ლექსიკა” 2021 წლის 13 სექტემბერს გაიმართება, ხოლო მეორე – “ამერიკული მოდის ანთოლოგია” – 2022 წლის 2 მაისს.

აღსანიშნავია, რომ ჭორები, ამანდა გორმანის და ტომ ფორდის შესაძლო ჩართულობაზე, ვოგმა არ დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, Met Gala 2021 – 2022-ის ორგანიზატორების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომავალ თვეს მოვისმენთ.