საქართველოში მთავარი მოდური ღონისძიება გვიახლოვდება. თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მეათე სეზონი 31 ოქტომბერს გაიხსნება და 4 ნოემბერს დაიხურება. რამდენიმე საათის წინ კვირეულის განრიგი გავრცელდა.

2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის გამოტოვების შემდეგ, ჩვენებების პირველივე დღეს კვირეულს ავთანდილ ცქვიტინიძე უბრუნდება. ავთანდილი ახალ კოლექციას 31 ოქტომბერს,საღამოს 8 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში წარადგენს. მთავარი ლოკაცია სწორედ თბილისის საკონცერტო დარბაზია, თუმცა ტრადიციულად, რამდენიმე დიზაინერი განსხვავებულ ადგილს ირჩევს, მათ შორის არიან კვირეულის ყველაზე ცნობილი სახეებიც : ირაკლი რუსაძე (ბრენდი სიტუაციონისტი), ანუკი არეშიძე, გიორგი ქებურია.

როგორც ვივარაუდე, ამ სეზონზე თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე ბიჭოლას ბრენდის დებიუტი შედგება. ქართველმა დიზაინერმა, რომელიც გასული რამდენიმე წელი საქართველოში არ მოღვაწეობდა, საკუთარი სახელობის ბრენდი ცოტა ხნის წინ შექმნა. კვირეულის ახალ სახეებში იქნება Be Next – ის გამარჯვებული Levau Shvelidze. შველიძე თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე შოურუმში იყო წარმოდგენილი, 4 ნოემბერს პოდიუმზე პირველად გამოჩნდება. ნაცნობი სახეებიდან, ახალ სეზონს ჯაბა დიასამიძე და გიორგი შაღაშვილი დააკლდებიან.