ყველაზე წარმატებული რუსი სუპერმოდელის ბოლო პოსტი ინსტაგრამზე 2 აპრილით თარიღდება. ვოდიანოვა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი გახლდათ. გამომდინარე აქედან, მისი გაუჩინარება კითხვებს ბადებს.

25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და სისხლიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ, ნატალიამ ომთან დაკავშირებული პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი პოსტი გამოაქვეყნა.

სუპერმოდელის სიტყვათა არჩევანი მომენტალურად გახდა კამათის საფუძველი. ვოდიანოვამ არ გამოიყენა სიტყვა „ომი“, არ დაგმო ის და პოლიტკორექტულ ტექსტშიც კი, არ ახსენა სიტყვა „მშვიდობა“. ნაცვლად ამისა, ნატალიამ თავის 3+ მილიონ გამომწერს უკრაინაში ტრაგიკული სისხლისღვრა აღუწერა, როგორც „მიმდინარე მოვლენები“ და „კონფლიქტი უკრაინაში.“ მას შემდეგ, მოდელმა მხოლოდ ორჯერ განაახლა ინსტაგრამის პროფილი და ორივეჯერ საზოგადოების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, პარიზში უკვე სამი მოდის კვირეული გაიმართა. პარიზში მცხოვრები ვოდიანოვა არცერთ ჩვენებაზე არ გამოსულა, მეტიც, ის სტუმართა რიგებშიც არ გვინახავს.

ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო დიორის ჩვენებაზე – 2021 წელს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნატალიას მეუღლე ანტუან არნოა. სწორედ არნოების ოჯახი ფლობს მოდის სახელგანთქმული ბრენდების დიდ ნაწილს, მათ შორის: დიორს და ლუი ვიტონს. წარსულში, ნატალია თითქმის ყოველთვის ესწრებოდა ხსენებული ბრენდების ჩვენებებს.