რა საერთო შეიძლება ჰქონდეს, 1970-იანი წლების რომში დაბადებულ ალესანდრო მიკელეს, რომელიც შეპყრობილია იტალიური რენესანსით და წარმოსახვითი სამყაროს არსებობით, ქართულ 90-იანებში გაზრდილ დემნა გვასალიასთან, რომელიც მოდის მშვენიერებას რეალიზმში და პრაგმატულობაში ხედავს?! ერთი შეხედვით, გვასალიას და მიკელეს შორის იდეოლოგიური, თუ ესთეტიკური მსგავსების პოვნა რთულია, მაგრამ ისინი არიან დიზაინერები, რომლებმაც, გასულ ათწლეულში, შეცვალეს საზოგადოების დამოკიდებულება მოდისადმი და იქცნენ თანამედროვე ტრენდების განმსაზღვრელ ფიგურებად. მათი კოლაბორაცია კი, მომენტი, რომელზეც კიდევ დიდხანს ვისაუბრებთ.

რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა? კრისტიან ლაკრუა და დრის ვან ნოტენი? დიახ, მოდის ისტორიის სხვადასხვა დროს, გლობალურად აღიარებული დიზაინერები მართლაც ერთიანდებოდნენ, მაგრამ ბალენსიაგას და გუჩის თანამშრომლობა განსხვავებული მოცემულობაა, რომელმაც შესაძლოა, მოდაში, კოლაბორაციების ახალი ტალღა გამოიწვიოს. ამ შემთხვევის განსაკუთრებულობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვიხილეთ კოლაბორაცია, რომელიც არა მხოლოდ დიზაინერებს, არამედ 2 საერთაშორისოდ ცნობილ, ძვირადღირებული ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდს შორის შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ გუჩის და ბალენსიაგას ბრენდებს ერთი კომპანია, Kering ფლობს, გუშინ გამართული ჩვენება მაინც ატარებს პრეცედენტულ ხასიათს და აჩენს კითხვებს.

Dior, Celine, Louis Vuitton, Givenchy, Loewe – ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ერთი კონგლომერატი – LVMH ფლობს. შესაძლოა, რომ მომავალში ვიხილოთ კოლაბორაცია ჟივენშისა და დიორს შორის?! სწორედ ასეთ გლობალურ მასშტაბებზე და კოლაბორაციების ახლებულ დაშვებაზეა საუბარი, როდესაც ვნახეთ რომ შესაძლებელია ბალენსიაგას ჩანთას Gucci -ის ლოგო ჰქონდეს.

Gucci x Balenciaga

გარდა ამისა, აღნიშვნას იმსახურებს კიდევ ერთი გარემოება, ასეთი ტიპის თანამშრომლობა ძალიან ცნობილ დიზაინერს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ინტერპრეტაციით და ხედვით, წარმოგვიდგინოს სხვა, აგრეთვე ძალიან ცნობილი დიზაინერის ესთეტიკა. Gucci x Balenciaga, რომლის დებიუტი იტალიური ბრენდის საიუბილეო შოუზე შედგა, არის იერსახე იმისა, თუ როგორ ხედავს ალესანდრო მიკელე დემნა გვასალიას ბალენსიაგას.

კინო ლექსიკას თუ გამოვიყენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბალენსიაგამ და გუჩიმ თანამედროვე მოდის გახმაურებული “ქროსოვერი” შემოგვთავაზეს, რომელიც აუცილებლად იქონიებს გავლენას მომავალ სეზონებზე.

Tags :