წამყვანი მოდის სახლები მსოფლიოს მასშტაბით გრანდიოზულ ჩვენებებს მართავენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრუიზული კოლექციების სეზონი აქტიურ ფაზაში იმყოფება. ამ სტატიაში სწორედ კრუიზული სეზონის მნიშვნელობას განვმარტავთ.
შანელი – კრუიზი 2022/23
მოგეხსენებათ, რომ წელიწადის 4 სეზონი მოდის სამყაროში ორადაა გაყოფილი: გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი. მაღალი მოდის ბრენდების უმრავლესობა კოლექციებს პოდიუმზე ერთი სეზონით (6 თვით) ადრე წარადგენს, გაყიდვაში კი, წარდგენიდან 6 თვის თავზე უშვებს. მაგალითად, ქალის სამოსის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები პოდიუმზე გამოვა 2022 წლის სექტემბერში, გაყიდვაში ჩაეშვება პოდიუმზე გამოტანიდან 6 თვის შემდეგ – 2023 წლის გაზაფხულზე.
ლუი ვიტონი – კრუიზი 2022/23
ორ სეზონს შორის არსებული დიდი შუალედის შესავსებად შექმნილია კიდევ ერთი სეგმენტი, რომელსაც მოდაში Pre-fall და Resort/Cruise კოლექციებს ვუწოდებთ.
კრუიზული კოლექციების ჩვენებები, ტრადიციულად, მაისში იმართება, გაყიდვაში კი, ნოემბერში გამოდის. Resort და კრუიზს შორის არსებითი განსხვავება არ არის, ამასთან, ეს იგივეა რაც Holiday კოლექცია. დიზაინერები თავად ირჩევენ სახელს, ერთადერთი განსხვავება არის ის, ზოგადად, რეზორტი და კრუიზი გათვლილია იმ ხალხისთვის, ვინც ზამთარს თბილ ქვეყნებში ატარებს.
გუჩი – კრუიზი 2022/23
მოდის სახლების უმრავლესობა კრუიზულ კოლექციებს კატალოგის სახით წარადგენს, თუმცა მაღალშემოსავლიანი ბრენდები დამოუკიდებელი ჩვენებების მოწყობას ამჯობინებენ. გარდა ამისა, ტრადიციული მოდის კვირეულებისგან განსხვავებით, კრუიზული ჩვენებების ადგილმდებარეობა ყოველწლიურად იცვლება. რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მაისის თვეში დაგეგმილ შოუებს.