ნიუ-იორკის მოდის კვირეულის 2020 წლის კალენდარი ბევრი ცნობილი ამერიკელი დიზაინერის ნაკლებობას განიცდის, მათ შორისაა ლეგენდარული რალფ ლორენიც. რამდენიმე დღის წინ, ლორენის წარმომადგენელმა პრესას აცნობა, რომ რალფი ახალი კოლექციისთვის განსაკუთრებულ შოუს ამზადებს, რომელიც მოდის კვირეულებისგან განცალკევებით გაიმართება. მან უარი თქვა თარიღის დაკონკრეტებაზე, თუმცა გაამხილა, რომ ჩვენება აპრილის ბოლოს იგეგმება.

2016 წლიდან რალფ ლორენი კოლექციებს See Now Buy Now მოდელით აწარმოებდა, თუმცა აპრილში, დიზაინერი 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებას გეგმავს. რალფი ტრადიციულ მოდელს უბრუნდება.

See Now Buy Now მოდელით მუშაობას აგრძელებს ტომი ჰილფიგერი, რომელიც უახლეს კოლექციას მშობლიური ამერიკიდან შორს, ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგენს. ცვლილებსთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერ არ კონკრეტდება.

Ralph Lauren
REUTERS/Carlo Allegri

გუჩი 2021 წლის კრუიზ ჩვენებას სან-ფრანცისკოში გამართავს. შოუ 28 მაისს არის მონიშნული, კრუიზ ჩვენებების დასასრულს. გუჩის გარდა, კრუიზ / რესორთ კოლექციებისთვის დამოუკიდებელ ჩვენებებს მხოლოდ რამდენიმე ბრენდი გამართავს: დიორი, შანელი, ლუი ვიტონი, პრადა, მაქს მარა.

გასულ სეზონზე, გუჩის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ალესანდრო მიკელემ ჩვენება მშობლიურ რომში გამართა. სან-ფრანცისკო, გუჩის კრუიზ ჩვენებების ისტორიაში, ბრენდის მშობლიურ იტალიას ყველაზე მოშორებული ლოკაციაა.

Gucci Cruise 2019

მონკლერმა Moncler Genius პროექტის 2020 წლის შემადგენლობა გამოაქვეყნა. პიერპაოლო პიჩოლის, ქრეიგ გრინის, სიმონ როშას, რიჩარდ ქუინის შემდეგ, Moncler Genius – ს ჯონათან ანდერსონი უერთდება. თანამშრომლობის შედეგს 19 თებერვალს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ვიხილავთ.

„ჩვენი სლოგანია: ერთი მოდის სახლი განსხვავებული აზრებით. ანდერსონი გამორჩეულია თავისი ესთეტიკით, მამაკაცურის და ფემინურის ინდივიდუალური ინტერპრეტაციით. ვთხოვე პროექტს მარტივად მიუდგეს, რადგან შედეგი იყოს ყველასთვის – უნისექსი. ის მართლა განსხვავდება ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებისგან“ – მონკლერის პრეზიდენტი, რემო რუფინი.

Jonathan Anderson
Ph: Courtesy of Moncler

ჟივანშიმ ახალი სუნამოს სახედ ბრიტანელი ტოპ მოდელი დაასახელა. ფრან სამერსის დებიუტი 2 სეზონის წინ, ჯონათან ანდერსონის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე შედგა. მოკლე დროში ფრანი ინდუსტრიის საყვარელი სახე გახდა. ბრიტანული და იტალიური ვოგის ყდებმა მისი სტატუსი აამაღლა და დღეს ის სამოდელო სფეროს წამყვან ახალ სახეებშია. სამერსის შთამბეჭდვალი მიღწევების მიუხედავად, ჟივანშის გადაწყეტილება სასიამოვნოდ მოულოდნელია.

ტრადიციულად, დიდი ფრანგული ბრენდები პარფიუმერიის ხაზის წარმდგენებად ვარსკვლავებს, ან სელებრით მოდელებს ირჩევენ. ფრანი საზოგადოებისთვის საკმარისად ცნობილი არ არის. მას ინსტაგრამზე 100,000 გამომწერიც არ ჰყავს.

თანამშრომლობაზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

Fran Summers

კაპრი ჰოლდინგმა 2019 წლის ბოლო მეოთხედი შეაჯამა. 1.2 მილიარდი დოლარით კომპანიამ დამაჯერებელი ზრდა აჩვენა. კაპრი 3 უდიდეს ბრენდს ფლობს: Michael Kors, Versace, Jimmy Choo. მაიკლ კორსი კომპანიის ყველაზე შემოსავლიან ბრენდად რჩება, თუმცა 2019 წლის ბოლო მეოთხედში ბრენდმა 5.1% კლება აჩვენა.

კაპრის ბოლო და ყველაზე ხმაურიანი შენაძენი, ვერსაჩეს მოდის სახლი კარგ შედეგს აჩვენებს, განსაკუთრებით აქსესუარების სეგმენტში. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ვერსაჩეს მყიდველების გამოხმაურებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კომერციული წარმატება ძლიერ უკავშირდება ბრენდის საკულტო პროდუქტების გაცოცხლებას. ვერსაჩეს ზრდაზე გავლენა ვარსკვლავებთან აქტიურმა თანამშრომლობაც იქონია. აღნიშვნას იმსახურებს ჯენიფერ ლოპეზის ვერსაჩეს პოდიუმზე გამოჩენა, გასული წლის სექტემბერში.

Jennifer Lopez & Donatella Versace

2019 წლის დასკვნითი სამი თვის შედეგები შეაჯამა ლისტ ინდექსმაც.  Lyst Index გლობალური პლატფორმაა, რომელიც ინტერნეტში, ყოველთვიურად 9 მილიონი მყიდველის ქცევას აანალიზებს.  Lyst Index სწავლობს რომელ დიზაინერებს ეძებენ ყველაზე ხშირად გუგლში, რომელ პროდუქტებზე საუბრობენ, ეძებენ და ყიდულობენ ონლაინ მაღაზიების ოფიციალურ საიტებზე.

ყველაზე განხვილადი ბრენდების სამეულში ადგილს ინარჩუნებენ: Off-white, Gucci და Balenciaga. 2016 წლიდან დემნა გვასალია ერთადერთი დიზაინერი იყო, რომელიც ათეულში 2 ბრენდს ხელმძღვანელობდა. დემნას ვეტმანიდან გამოთიშვამ რეალობა შეცვალა. ვეტმანი 5 ადგილით დაქვეითდა. ბრენდი ათეულში აღარ არის.

მყიდველების ინტერესის შთამბეჭდავ ზრდას აჩვენებს ბოთეგა ვენეტა. იტალიური ბრენდი 2 ადგილით დაწინაურდა და ახლა ათეულს მხოლოდ 4 ადგილი აშორებს.