ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი, ჟან პოლ გოტიე ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ თავისი მომდევნო ჩვენება, რომელიც პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე 22 იანვარს გაიმართება, უკანასკნელიც იქნება. ახალი ჩვენებით გოტიე მოდაში მუშაობის 50 წელს აღნიშნავს და პოდიუმს სამუდამოდ დაემშვიდობება.

გოტიეს გულშემატკივრებისთვის სიახლე ემოციური და გულდასაწყვეტია, თუმცა მოსალოდნელიც. 2014 წელს დიზაინერმა Ready-To-Wear ჩვენებების გამართვა შეწყვიტა. ცხადია, ჟან პოლის კარიერაში პოდიუმი უფრო და უფრო ნაკლებ როლს თამაშობდა, რაც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

საკულტო დიზაინერი იუწყება, რომ მას კოლექციების წარდგენის ახალი კონცეფცია აქვს მოფიქრებული, რომელსაც მომავალში გაგვიმხელს, თუმცა მანამდე წინ 22 იანვარი გველის, დღე, როდესაც მოდის ინდუსტრია ჟან პოლ გოტიეს 50 წლის იუბილეს იზეიმებს და ლეგენდარულ ფიგურას პოდიუმიდან გააცილებს.