მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული, ხშირად, ახალი თავის დასაწყისს ნიშნავს. ასე მოხდა Jean Paul Gaultier- ის შემთხვევაშიც, რომელმაც 4 დღის წინ, ერთი ინსტაგრამ პოსტით, მოდის ინდუსტრიაში, ცრუ განგაში გამოიწვია.
‘The End’ ფოტო, რომელიც გოტიეს პროფილზე გამოქვეყნდა, სინამდვილეში, სულაც არ ნიშნავს ბრენდის ისტორიის დასასრულს, მეტიც, რამდენიმე საათის წინ, ფრანგულმა მოდის სახლმა Ready-To-Wear ტანისამოსის ხაზის დაბრუნება დააანონსა.
Ready-to-wear (Pret-a-Porter) არის ტანსაცმელი, შეკერილი სტანდარტულ ზომებში. მსგავსი სამოსის დანიშნულებაა მასის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამ ტიპის კოლექციებში გამოყენებული ქსოვილები, დახარჯული შრომა და თანხები ბევრად ჩამოუვარდება Haute Couture სამოსს. გამომდინარე აქედან, „რედი-თუ-ვიარი“ ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოტ კუტიური, რომლის ფასები, ხშირად, 40,000 დოლარიდან იწყება და ნახევარ მილიონსაც აღწევს.
ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა თავისი ბოლო RTW შოუ 2015 წელს გამართა, მას შემდეგ კი, მთლიანად Haute Couture კოლექციებზე გადაერთო. საბოლოოდ, 2020 წლის დასაწყისში, გოტიემ მოდიდან წასვლა გადაწყვიტა და იანვარში, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე წარმოდგენილი ოტ კუტიურ კოლექციით, პოდიუმს სამუდამოდ დაემშვიდობა. მაშინაც და ახლაც, ბრენდში ხაზს უსვამენ, რომ დიზაინერის მოდიდან წასვლა არ ნიშნავს დასასრულს და ეს გახლავთ ახალი დასაწყისი, რომელიც არის კოლექტიური, კოლაბორაციებზე დამყარებული და შესაბამისად, ექსპერიმენტულიც.
თუ რას გულისხმობდა გოტიეს „კოლექტიური მომავალი“, ამის შესახებ პირველი წარმოდგენა გასული წლის მარტში შეგვექმნა, როდესაც ბრენდმა პირველი მიწვეული შემოქმედებითი დირექტორი დაასახელა. მოდის პრესის ცნობილ ჟურნალებში მიწვეული რედაქტორების ტრენდი საკმაოდ აქტუალური და ხშირია, თუმცა იგივეს თქმა რთულია ძვირადღირებული ტანისამოსის, ე.წ. ლუქს ბრენდებზე.

გამომდინარე აქედან, როდესაც ჟან პოლ გოტიემ პოპულარული იაპონური ბრენდის, საკაის დიზაინერი, Chitose Abe მომავალი სეზონის კოლექციის შემოქმედებით ხელმძღვანელად მიიწვია, მოდის ინდუსტრია საინტერესო პრეცედენტისთვის მოემზადა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, იაპონელი დიზაინერის მიერ Jean Paul Gaultier-ისთვის შექმნილი ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ ჩიტოსი აბეს ნამუშევარს ივლისში, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ვიხილავთ.
როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ,2020 წლის გაზაფხულზე გავრცელებულ სიახლეს იმდენად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მზად არიან ყოველ სეზონზე, მიწვეული კრეატორების ტრენდი ბრენდის მთავარ სტრატეგიად აქციონ და ის არ გავრცელდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ, ამ შემთხვევაში, Haute Couture ხაზზე, არამედ მოიცვას სხვა, კომერციულად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სეგმენტი, როგორიც არის Ready To Wear. მიუხედავად ამისა, გოტიეს შემოთავაზებულ ბიზნეს მოდელში, ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებულ ელემენტებს მაინც ვხედავთ.
Jean Paul Gaultier RTW Fall 2021 Preview Jean Paul Gaultier RTW Fall 2021 Preview Jean Paul Gaultier RTW Fall 2021 Preview Jean Paul Gaultier RTW Fall 2021 Preview Jean Paul Gaultier RTW Fall 2021 Preview Jean Paul Gaultier RTW Fall 2021 Preview Jean Paul Gaultier RTW Fall 2021 Preview Jean Paul Gaultier RTW Fall 2021 Preview
პირველ რიგში, ჟან პოლ გოტიეს ახალ Ready To Wear ხაზი არ გაჰყვება სეზონურობის ჩვეულ მოდელს და მოდის კვირეულის ოფიცილიალურ კალენდარს, რაც ნიშნავს, რომ არ იქნება კოლექციები დაყოფილი გაზაფხული/ზაფხულის, შემოდგომა/ზამთრის მიხედვით და არც ტრადიციული შოუები გაიმართება სექტემბერში, ან მარტში. ნაცვლად ამისა, Jean Paul Gaultier არჩევს კოლექციების წარდგენის ციფრულ და დამოუკიდებელ ფორმატს.
პირველი ფოტოები Jean Paul Gaultier-ის 2021 წლის Ready To Wear კოლექციიდან, რომელიც აერთიანებს კარგად ნაცნობ სილუეტებს და პრინტებს, უკვე გავრცელდა, თუმცა სრულად, ციფრული პრეზენტაცია 28 მაისს, ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იგეგმება.