Salvatore Ferragamo-ში არსებულ შესაძლო ცვლილებებზე გავრცელებული ჭორები გამართლდა. თითქმის 5 თვიანი სპეკულაციების შემდეგ, დღეს, ცნობილი გახდა, რომ შემოქმედებითი დირექტორი, პოლ ენდრიუ ტოვებს ბრენდს.

პოლი ფერაგამოს კოლექციებზე და იმიჯზე 2016 წლიდან იყო პასუხისმგებელი. როგორც ახალ განცხადებაში ვკითხულობთ, დიზაინერი თავის ბოლო კოლექციას, ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში, მიმდინარე წლის მაისში წარადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან, Salvatore Ferragamo ტრანსფორმირდა საკმაოდ საინტერესო და თანამედროვე ბრენდად, რომელიც ყოველ ჯერზე, კარგ შეფასებებს იმსახურებდა, მოდის სახლმა მაინც ვერ მოახერხა ერთგული კლიენტების შეძენა და შენარჩუნება. ბუნებრივია, ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რაც საბოლოოდ, აისახა შემოსავლების მკვეთრ ვარდნაზე. შედეგად, დიზაინერი ტოვებს ბრენდს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის პოლ ენდრიუს აღნიშნულ თანამდებობაზე.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები არ შეეხო მხოლოდ ბრენდის შემოქმედებით ლიდერებს. მოდის გავლენიანი პრესის, WWD – ის ცნობით, 22 აპრილიდან, Salvatore Ferragamo-ს თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს ფერუციო ფერაგამო. ფერუციოს ადგილს, მისივე ძმა, ლეონარდო ფერაგამო დაიკავებს. რაც შეეხება გენერალურ დირექტორს და ვიცე-პრეზიდენტს,  Michele Norsa და Micaela le Divelec Lemmi რჩებიან საკუთარ პოზიციებზე.  

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერ კიდევ იანვარში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრენდში იგეგმება უფრო მეტი დამოუკიდებელი დირექტორის დანიშვნა, რაც მოხდება Salvatore Ferragamo-ს დამფუძნებელი ოჯახის წევრების გავლენების შესუსტების ხარჯზე.