გასულ ორშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმს ეწვია. ჯილ ბაიდენი 2022 წლის მეტ გალას გამოფენისა და გრანდიოზული წითელი ხალიჩის გახსნასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.

ამერიკულ მოდაზე საუბრისას, ბაიდენმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მოდა არის კომუნიკაციის საშუალება და მაგალითად კაბა მოიყვანა, რომელიც 2 მარტს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართვისას ეცვა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ კაბის ფერი და მზესუმზირის ყვავილის დეტალები უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა. გასულ თვეებში, მზესუმზირა, რომელიც უკრაინის ეროვნული ყვავილია, სოლიდარობის და იმედის სიმბოლოდ იქცა.


ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში სიტყვის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, ჯილ ბაიდენი უკრაინას თავად ეწვია. მას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, ოლენა ზელენსკამ უმასპინძლა. მოულოდნელ ვიზიტს საერთაშორისო პრესა აშუქებს.

აღსანიშნავია, რო ეს არის ოლენა ზელენსკას პირველი საჯარო გამოჩენა, ომის დაწყების შემდეგ. რა თქმა უნდა, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ზელენსკას ბიზნეს სტილის კომბინაცია ყოველდღიურ სნიკერებთან, უკრაინის დროშის ფერებში.