2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩილელი კინორეჟისორი Pablo Larraín პრინცესა დაიანაზე ფილმს იღებს, რომელშიც მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი, კრისტენ სტიუარტი შეასრულებს. სიახლემ მალევე მოიცვა ყველა წამყვანი მედია გამოცემა. ფილმს სპენსერი დაარქვეს, პრინცესა დაიანას ქალიშვილობის გვარი. ცნობილია, რომ ფილმი დაიანას წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებიდან იმ პერიოდს წარმოაჩენს, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება გადაწყიტა.

მიუხედავად იმისა, რომ დაიანას მოკლე, თუმცა შთამბეჭდავ ცხოვრებაზე უკვე არაერთი ფილმი, სერიალი და წიგნიც კი შექმნილა, მისი გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი ლედი დიზე არასდროს არის ზედმეტი. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მთავარ როლზე კრისტენ სტიუარტის დამტკიცებამ, თუმცა გუშინ გავრცელებული ფოტო „სპენსერის“ გადასაღები მოედნიდან, სკეპტიკურად განწყობილმა საზოგადოებამაც დადებითად შეაფასა.

ლედი დი პირველი სახელგანთქმული ქალი არ გახლავთ, ვისზეც Pablo Larraín ფილმს გადაიღებს. მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია “Jackie”, 2016 წელს გამოსული ბიოგრაფიული დრამა ჯეკი კენედიზე, სადაც მთავარ როლს ნატალი პორტმანი ასრულებს.