განათლებით ხელოვნებათმცოდნე, პიერ ჰარდი აღიარებულია, როგორც მაღალი ხარისხის ფეხსაცმელების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კრეატიული შემოქმედი. მოდაში მისი მრავალფეროვანი და ხანგრძლივი კარიერა Dior -ში სტილისტად მუშაობით დაიწყო, თუმცა პიერის ფეხსაცმელებისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ხედვა შესამჩნევი მალევე გახდა, პირველ რიგში – თავად არტისტისთვის და შემდეგ, ინდუსტრიისთვის.
1990 – 2001 წლებში, ჰარდი Hermès-ის აქსესუარების და ფეხსაცმელების ხაზებს ხელმძღვანელობდა, 1999 წელს კი, ძვირფასი ფეხსაცმელების საკუთარი ბრენდიც დაარსა.
“ეს არის პირველი ფეხსაცმელი, რომელიც ჩემი ხაზისთვის შევქმენი. ის უნდა გამოსულიყო ძლიერი და მკვეთრად მოხაზული 1960-იანი წლების სილუეტით, მაგრამ უფრო გათანამედროვებული,” – იხსენებს დიზაინერი.

სწორედ მკვეთრად მოხაზული, არქიტექტურული და გრაფიკული სილუეტებით, პიერ ჰარდის შემოქმედებამ მალევე მიიქცია ნიკოლა ჟესქიერის ყურადღება, რომელიც მაშინ, ბალენსიაგას შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2002 წლიდან, ჰარდიმ თანამშრომლობა დაიწყო ბალენსიაგასთან, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი, ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. მეტიც, მას შეგვიძლია ვუწოდოთ, 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის მოდის, ერთ-ერთი განმსაზღვრელი კოლაბორაცია.
“ეს განსხვავებული ტიპის თანამშრომლობა იყო. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით და ჩემთვის ბედნიერება იყო, რომ მის გვერდში ვიდექი, ვეხმარებოდი იმის მიღწევაში, რასაც ბალენსიაგაში აკეთებდა. ეს ყველაზე საინტერესო რამ იყო იმ პერიოდის პარიზში. ექსპერიმენტული და ფუტურისტული, რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რასაც დანარჩენი მოდა აკეთებდა.” – იხსენებს პიერი ბალენსიაგაში ნიკოლა ჟესქიერთან თანამშრომლობას.
Pierre HardyPierre Hardy for Balenciaga
Balenciaga შემოდგომა/ზამთარი 2010
Balenciaga გაზაფხული/ზაფხული 2008
Balenciaga შემოდგომა/ზამთარი 2008
Balenciaga შემოდგომა/ზამთარი 2011
Balenciaga შემოდგომა/ზამთარი 2009
ჰარდის შემოქმედებითი ნიჭის დახმარებით, ნიკოლა ჟესქიერის ბალენსიაგა იქცა ბრენდად, რომელიც ყოველ სეზონზე, ფეხსაცმლის მოყვარულების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. მოდის პრესის წამყვან გამოცემებში, ბალენსიაგას ფეხსაცმელების შექმნის პროცესს და მის ვიზუალს დამოუკიდებელი სტატიები და ედითორიალები ეთმობოდა. პიერის და ნიკოლას თანამშრომლობით, 2002-2012 წლებში, მართლაც შეიქმნა კიდევ ერთი უნიკალური თავი მაღალი მოდის ისტორიაში.