გასულ სეზონებზე ენტონი ვაკარელოს Saint Laurent-ისთვის შექმნილი კოლექციები მოდელებმა ციფრულ ფორმატში, საუცხოო ბუნებაში წარმოგვიდგინეს – დიუნებსა თუ მყინვარზე. 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე კი ფრანგული მოდის სახლი კვლავ ეიფელის კოშკის ფონზე, ცოცხალი აუდიტორიის თანდასწრებით, ღამის მომაჯადოვებელ განათებაზე გვთავაზობს ნოსტალგიის გამომწვევ ხედვას.

ამჯერად ვაკარელოს ინსპირაციად პალომა პიკასო იქცა, ივ სენ ლორანის მუზა, რომლის მკვეთრად გამოხატული სტილის თავისებურებებიც ახალ კოლექციაში ნათლად ვლინდება. სწორი, განიერი მხრები, მოკლე პიჯაკები, მასიური ოქროსფერი სამკაულები, წითელი ტუჩსაცხი, ტყავის ფერადი ხელთათმანები, ტანზე მომდგარი კომბინიზონები, ყვავილოვანი პრინტები და წელზე შემოხვეული ქამრები – ოთხმოციანი წლებისა და პიკასოს სტილის მიმართ ერგვარ პატივის მიგებას წარმოადგენდა.

© Vogue Runway

ჩვენებაზე სთაილიგნთან დაკავშირებული საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება შარვლებში ნახევრად მოქცეული კლატჩები იყო, რაც ენტონის ასევე პალომას ერთ-ერთმა ფოტომ შთააგონა.

“პიკასოს სილამაზე წინააღმდეგობრივია – მკაფიო წითელი ტუჩები, სექსუალური მიმზიდველობა, მისი იერსახე ნამდვილი ესპანური ბაროკოს გამოხატულებაა…“ – ამბობს ვაკარელო. “ყოველთვის მხიბლავდა მისი და ივ სენ ლორანის ფოტო, რომელიც სავარაუდოდ ოპერაშია გადაღებული. მასზე მას იმ საღამოს პროგრამა თავისი შარვლის წელში აქვს მოთავსებული. ამ ერთი ჟესტით ყველაფერი ნათქვამია. ვფიქრობ, ჩვენ ქალის ასეთი ძლიერი და უკომპრომისო იმიჯის შექმნა გვჭირდება, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ის სიმბოლოა იმისა, რასაც ახლა empowerment ეწოდება.”

Saint Laurent ზაფხული 2022