Saint Laurent – ის ახალი კოლექცია თავისი სიმსუბუქით, აუღელვებლობით და სიმშვიდით გვხიბლავს. პოდიუმის ნაცვლად იდუმალ უდაბნოში, იზოლირებულ გარემოში, დიუნებზე მოსიარულე მოდელები საუკეთესო რამ იყო, რაც შეიძლებოდა ფიზიკური დისტანციის პერიოდში მაღალი მოდის ბრენდისგან მოგვეთხოვა. „ჩემთვის უდაბნო სიმშვიდისკენ სწრაფვას, ღია სივრცეს, შენელებულ რიტმს განასახიერებს,“ – ამბობს სენ ლორანის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ენტონი ვაკარელო. „ტანსაცმელიც მეტად მშვიდია, კოლექციის პათოსი უფრო ნაზი, ძირითადის მომცველია.“

კოლექციაში ბუმბულების სიმრავლის, ყვავილების მოტივების შერწყმის, შავი ფერის დომინირების, გამჭირვალე ქსოვილების და საერთო სისადავის შემყურე ჩვენთვის აშკარა ხდება ამ სეზონზე ვაკარელოს მიზანი, რომ მას ჰარმონიული, კომფორტული, ყოველგვარი სიმძიმისგან თავისუფალი კოლექციის შემოთავაზება უნდოდა.

ენტონისთვის მთავარი ინსპირაცია YSL – ს არქივი იყო. მან ამჯერადაც უხვად გამოიყენა მოდის სახლის კოდები. სამოციანი წლები კოლექციაში ერთ-ერთი მთავარი თემაა. ჩვენებიდან ყველაზე თვალშისაცემი რეფერენსი კი კლოდ ლალანის ივ სენ ლორანის 1969 წლის ოტ კუტიურ კოლექციისთვის დამზადებული სკულპტურაა, რომელიც სუპერმოდელ ვერუშკას სხეულზე შეიქმნა. რასთან უნდა გვენახა ამ გასაოცარი ქმნილების გათანამედროვებული ვარიანტი 2020 წელს? რა თქმა უნდა, ბაიკერის შორტებთან.

ჩვენების ჩანაწერი

Saint Laurent ზაფხული 2021