ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც მსოფლიო „სახლში დარჩა“, გაუქმდა და გადაიდო უამრავი კულტურული, თუ სპორტული ღონისძიება, მომავლის პროგნოზი კი შეუძლებელია. სოციალური დისტანციის რეალობაში, თითქმის ყველა სფეროში ცდილობენ, რომ გახდნენ უფრო ციფრულები, არ შეწყვიტონ კომუნიკაცია ერთმანეთთან და რაც მთავარია – საზოგადოებასთან. გასულ 3 კვირაში არაერთ ონლაინ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. მინდა რამდენიმე გაგიზიაროთ.

Vogue Global Conversations

პირველ რიგში, შევეხოთ მოდის ბიბლიის სიახლეს, Vogue Global Conversations – ს. VGC არის ონლაინ დიალოგების სერია ვოგის რედაქტორებს და მოდის გავლენიან დიზაინერებს და აღმასრულებლებს შორის. სპიკერებს შორის არიან ინდუსტრიის ლიდერები: სტელა მაკარტნი, ოლივერ რუსტანი, ვირჯილ აბლო, სედრიქ შარბი, მარკ ჯეიკობსი, ედვარდ ენინფული, ემანუელე ფარნეტი და ა.შ. განსახილველი თემები, რა თქმა უნდა, ინდუსტრიის პოსტ-კორონავირუსის პერიოდს აერთიანებს: „როგორი იქნება ონლაინ ვაჭრობა მომავალში? როგორია ჩვენებების მომავალი? როგორ უნდა განვითარდეს ინდუსტრია ჯანსაღად?“ და ა.შ.


No Filter with Naomi

YOUTUBE -ს ვიდეო პლატფორმაზე საკუთარი შოუ შექმნა ნაომი ქემბელმა. სუპერმოდელი თითქმის ყოველდღიურად გვთავაზობს ლაივ ჩართვებს არამარტო მოდის ინდუსტრიის, არამედ სხვა სფეროს ცნობილ ადამიანებთან. თვითიზოლაციაში ნაომიმ უკვე 13 ვიდეოს ჩაწერა მოახერხა, რესპონდენტებს შორის არიან: ანა ვინტური, შერონ სტოუნი, დები უილიამსები, სინდი კროუფორდი, კარლი კლოსი, კრისტი ტორლინგტონი და ა.შ.


BOF Live

საინტერესო და საგანმანათლებლო კონტენტი გამოცემა The Business of Fashion -ის ნიშაა. BOF-ის გუნდი მუშაობას არც იზოლაციაში წყვეტს. იმრან ამედი და ტიმ ბლენქსი გამოცემის სხვა სახეებთან ერთად იუთუბზე ლაივ სერიებს 2 კვირაა გვთავაზობენ. The Business of Fashion -ის ახალ სერიებში თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ რედაქტორებს, სტილისტებს, ფოტოგრაფებს და არა მარტო მათ.


Creative Conversations with Suzy Menkes

ვოგის ლეგენდარულმა რედაქტორმა, კრიტიკოსმა და ჟურნალისტმა, სუზი მენქესმა საკუთარი პოდკასტი დააანონსა. სუზის წამოწყება შედარებით ახალია. მან Creative Conversations with Suzy Menkes – ს პირველი ჩანაწერი 2 დღის წინ გამოაქვეყნა. სუზის პირველი სტუმარი დიორის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, იტალიელი დიზაინერი, მარია გრაცია ქიურია. ვიდეო მოსასმენად იუთუბზეც ხელმისაწვდომია.


Vogue Kitchen

თუ ფიქრობთ, რომ თვითიზოლაციამ კულინარიის მიმართ ინტერესი მხოლოდ თქვენში გააღვიძა, ცდებით. პარიზის ვოგის ახალ პროექტი,Vogue Kitchen ინდუსტრიაში ცნობილ ადამიანებს სამზარეულოში წარმოგვიდგენს.