კირა დიხტიარი – რუსი მოდელი, რომელიც საზოგადოებამ სატელევიზიო შოუდან “The Face” გაიცნო, მოსკოვში დაბრუნდა. მოდელმა ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მშვიდობის დამყარებას ხელს არა რუსეთი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები უშლის. “მშვიდობა აღარ არსებობს და ეს არის ამერიკის ბრალი. აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას რომ არ უწევდეს, მშვიდობა უკვე მიღწეული იქნებოდა.. მაგრამ ახლა, რადგან ისინი უკრაინას იარაღს და ფულს აწვდიან, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმაც უნდა გაზარდოს როგორც ჯარისკაცების, აგრეთვე სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობა, რასაც მივყავართ მეტ სიკვდილამდე,”- განმარტავს მოდელი.

მოდელმა მოსკოვში თავის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც ტანსაცმლის მწარმოებელმა ყველა ცნობილმა ბრენდმა ქვეყანა დატოვა, ადგილობრივ ბიზნესს საუკეთესო შანსი ეძლევა. კირას თქმით, ის დასავლური ბრენდების დიზაინში მცირედ ცვლილებას შეიტანს და რუსებს ხელმისაწვდომ ფასად მიყიდის. “ჩვენ ვაპირებთ, რომ ოდნავ შევცვალოთ (იმ ბრენდების დიზაინი, რომლებმაც 24 თებერვლის შემდეგ რუსეთი დატოვეს) რათა კომპანიებმა არ გვიჩივლონ.” დიხტიარის ბიზნეს გათვლით, ის დიზაინერებს საკუთარ კაბებს აჩვენებს, რომლებიც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი ბრენდებისგან იყიდა რის შემდეგაც, “ისინი დააკოპირებენ, მიაწვდიან ფაბრიკებს და დილისთვის 1000 ახალი კაბა გასაყიდად მზად იქნება.”

წლების განმავლობაში, კირა ნიუ-იორკში ცხოვრობდა და მუშაობდა, მეტიც – აშშ-ის მოქალაქეობაც ჰქონდა მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა მაღალ მოდაში არ შედგა, რუსი ნაკლებად პრესტიჟულ, თუმცა მაღალშემოსავლიან გადაღებებში, როგორიცაა Playboy, მაინც აქტიურად მუშაობდა. დიხტიარის ყველაზე ცნობილი მომენტი პოპულარულ სამოდელო შოუს, “The Face”-ს უკავშირდება. რუს მოდელს და ნაომი ქემბელს შორის მომხდარი გაუგებრობა ინტერნეტს ვირუსულად მოედო. “გოგონები, რომლებიც არ არიან ფერადკანიანები, ან ამერიკელები, ამ შოუს ვერ მოიგებენ,” – კირას სიტყვებმა ნაომის განრისხება გამოიწვია.