ამერიკელ დიზაინერთა საბჭომ (CFDA) ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონის კალენდარი გაავრცელა. 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების კვირეულს ამერიკა 9-14 სექტემბერს უმასპინძლებს. საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ქოულბის თქმით, ჩვენებების, პრეზენტაციებისა თუ სხვა საინტერესო საღამოების ძირითადი ლოკაცია კვლავ “Spring Studios” იქნება.

ახალი სეზონი თავს მოუყრის, როგორც დამწყებ, აგრეთვე საერთაშორისოდ სახელგანთქმულ ბრენდებს, ჯამში ამ ეტაპისთვის დამტკიცებულია 109 ბრენდი. მათ შორის: Altuzarra, Brandon Maxwell, Carolina Herrera, Christian Siriano, Coach, Dion Lee, Eckhaus Latta და ა.შ. კვირეულის გახსნის პატივი პროენზა სქულერს ერგება წილად, ჩვენება დაგეგმილია 9 სექტემბერს ნიუ-იორკის დროით 16:00 საათზე. რაც შეეხება დახურვას, 14 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე, ამერიკაში 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონს ტომ ფორდი დაასრულებს. აღნიშვნას იმსახურებს ტომი ჰილფიგერის დაბრუნებაც. რამდენიმე სეზონიანი პაუზის შემდეგ, ცნობილი ამერიკელი დიზაინერი მშობლიურ მოდის კვირეულს 11 სექტემბერს დაუბრუნდება.

კვირეულის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო ბრენდების ღონისძიებებიც, მათ შორის გამორჩეულ ინტერესს იწვევს Fendi და Marni. ფენდის პრეზენტაცია 9 სექტემბერს გაიმართება. იტალიური ბრენდი საკულტო აქსესუარის, Baguette-ის ჩანთის გამოსვლიდან 25 წლის იუბილის აღნიშვნას გეგმავს.