იმ ინდუსტრიაში, სადაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დროის უკმარისობა მიიჩნევა, სადაც შემოქმედებს, ხშირად, მხოლოდ 8 კვირა აქვთ, სანამ მომდევნო ჩვენება კარს მოადგებათ, 18 თვე საკმარისზე მეტია საიმისოდ, რომ მოდის კვირეული არა რუტინულ და დამღლელ, არამედ ამაღელვებელ გამოცდილებად იქცეს.

2020 წლის თებერვლის შემდეგ, პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოდის კვირეული, რომელიც ნიუ-იორკში ტარდება, ფიზიკური ჩვენებებით დაბრუნდა.

მიუხედავად ნოსტალგიური განწყობისა, რაც ფიზიკური მოდის კვირეულების დაბრუნებას ახლავს თან, ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ 18 თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, თითქმის არაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე. მითუმეტეს მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემია კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად.

თუ წარსულში, მოდის კვირეულზე მოსახვედრად მოსაწვევი და ლამაზი ფეხსაცმელი გჭირდებოდათ, ახლა თან პირბადე და ორი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთიც უნდა იქონიოთ. ივლისის ბოლო კვირას, ამერიკელ დიზაინერთა საბჭომ (CFDA), რომელიც მოდის კვირეულს უწევს ორგანიზებას, მონაწილეობის მსურველ დიზაინერებს და სამოდელო სააგენტოებს გაუგზავნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიზიკურ ჩვენებებზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები.

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი
Proenza Schouler გაზაფხული/ზაფხული 2022

გარდა ამისა, დაწესდა შეზღუდვა დამსწრე საზოგადოების რაოდენობაზე. ერთ ჩვენებაზე, სტუმართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150-200 ადამიანს, რაც ოთხჯერ ნაკლებია პანდემიამდელ მაჩვენებელზე. ტრადიციულად, ცნობილი ბრენდები, ჩვენებაზე, 500-600 სტუმარს ეპატიჟებიან. აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველ სეზონზე, კვირეულისთვის ნიუ-იორკს 230,000 ადამიანი სტუმრობს. ისინი, ჯამში, 532 მილიონ დოლარს ხარჯავენ. ზემოთხსენებული მოთხოვნების, შეზღუდვების და საერთაშორისო ფრენებზე არსებული სირთულეების გათვალისწინებით, ახალ სეზონზე, მოცემული ციფრები განახევრდება.

განახევრებულია იმ დიზაინერების რაოდენობაც, რომლებიც ფიზიკურ ჩვენებებს აწყობენ. კვირეულის ოფიციალურ კალენდარში წარმოდგენილია 119 დიზაინერი. მათი უმრავლესობა ახალ კოლექციას კვლავ ციფრულ ფორმატში, ვიდეოების, ან კატალოგების სახით აჩვენებს, თუმცა აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს, ამერიკულ მოდას დაუბრუნდნენ ევროპაში მოღვაწე ამერიკელი დიზაინერები.

იტალიურმა ბრენდმა, Moschino-მ, რომელსაც შემოქმედებითად ამერიკელი ჯერემი სკოტი ხელმძღვანელობს, მილანის ნაცვლად, ჩვენება სწორედ ნიუ-იორკში გამართა. მოსკინოს შოუ კვირეულის პირველ დღეს, 8 სექტემბერს ვიხილეთ. სკოტი ცნობილია ტანსაცმლისადმი და ზოგადად, მოდისადმი არასერიოზული დამოკიდებულებით.

2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზეც, ჯერემის ხედვა უკომპრომისოდ ირონიული, ფერადი და გასართობია. ამჯერად, მისი შთაგონების წყარო საბავშვო აქსესუარები და სათამოშები გახდა. ჯიჯი ჰადიდი კი, ახალი თაობის სუპერმოდელი, მუზა და დედა, იდეალური კანდიდატი აღმოჩნდა ჯერემის ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად.

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს.

პირველი დღის ლიდერებს შორის უნდა დავასახელოთ Proenza Schouler. დიზაინერებმა ჯეკ მაკქელამ და ლაზარო ჰერნანდეზმა გასული სეზონების ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური კოლექცია შემოგვთავაზეს. ცოცხალი ფერებით და გეომეტრიული ჭრებით, 2000-იანი წლების ამერიკული მოდის გამორჩეულმა სახეებმა ხელახლა გააცოცხლეს ბრენდი, რომლის ჩვენებები, ყოველ ჯერზე, მნახველს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებდა.

ჩვენების დასრულების შემდეგ, დიზაინერებმა ისაუბრეს შთაგონებაზე და აღნიშნეს, რომ პანდემიის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი მოგზაურობა ჰავაიში, კუნძულ კაუაზე დაგეგმეს. კუნძულზე არსებული ველური ბუნებით შეგვიძლია ავხსნათ ფერთა მრავალფეროვნება, რომელიც კოლექციას განსაკუთრებულ იერს აძლევს.

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უპრეცედენტო ზრდა ფიქსირდება აზიელთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების. ყურადღების ცენტრშია ამერიკის შეერთებული შტატები და მოდის ინდუსტრია, სადაც აზიელთა ჩართულობის საკითხი და რასიზმის აღმოფხვრა რჩება ერთ-ერთ მთავარ თემად. სიმბოლური და ყურადსაღებია, რომ სწორედ ასეთ დროს, ამერიკულ მოდაში გამოჩნდა ახალი საინტერესო სახე, ვიეტნამელი ემიგრანტების შვილი – Peter Do. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნიუ-იორკის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულის დებიუტანტებს შორის პიტერის ჩვენება ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა, რაც არა მხოლოდ მისი წარმომავლობით და ისტორიით, არამედ გასული სეზონების წარმატებული კოლექციებითაც შეგვიძლია ავხსნათ.

მიუხედავად იმისა, რომ პიტერმა პირველი ჩვენება 8 სექტემბერს გამართა, მოდის მოყვარულთათვის მისი ხედვა ცნობილი ჯერ კიდევ 2020 წლის ზამთრის სეზონზე გახდა, როდესაც ახალგაზრდა დიზაინერმა თავისი პირველი კატალოგი გამოაქვეყნა.

კოლექციიდან გამომდინარე, ახალგაზრდა დიზაინერის შემოქმედებითი კერპების დასახელება მარტივად შეგვიძლია. ხელწერაში იკითხება მინიმალიზმი, რომელიც საინტერესო, დახვეწილი და ლამაზია, ის გვახსენებს ფიბი ფაილოს, კელვინ კლეინს და ჰელმუტ ლენგს, ესთეტიკა, რომლის მიმართ მოდა, ნებისმიერ დროსა და ეპოქაში, უძლურია, თუმცა როდესაც საქმე მინიმალიზმს ეხება, აქ გადამწყვეტი პროგრესირებადი დიზაინი და იდეებია. თუ მინიმალიზმი განვითარებადი არ არის, ის კარგავს ხიბლს და ხდება მოსაბეზრებელი. როგორ განვითარდება ამერიკული მოდის ახალბედა ვარსკვლავი, ამას მომავალი სეზონები გვაჩვენებს.

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს.

ნიუ-იორკის მოდის კვირეული 5 დღეს გასტანს და 12 სექტემბერს, ტომ ფორდის ჩვენებით დაიხურება. სიახლეებისთვის თვალი მიადევნეთ ჩვენს Facebook და Instagram გვერდებს.