Vetements -ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია გურამ გვასალიამ ივნისში, კატალოგის სახით წარადგინა. მასშტაბური ფორმები და სილუეტები დემნა და გურამ გვასალიების კოლექციებში უცხო არავისთვისაა. მიუხედავად ამისა, Vetements -ის 2024 წლის ზაფხულის კატალოგში წარმოდგენილი სამოსის ზომებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა მაინც გამოიწვია.




კოლექციის წარდგენიდან სამ თვეში, Vetements -ის კოლექციით თანამედროვე ჰიპ-ჰოპის დედოფლად წოდებული ნიკი მინაჟი, თავისი ახალი მუსიკალური ალბომის, “Pink Friday 2” -ის გარეკანზე გამოჩნდა. „გურამ, მიყვარხარ, მადლობა.“ – წერს არტისტი ოფიციალურ ინსტაგრამზე
“Pink Friday” ნიკი მინაჟის სადებიუტო ალბომია, რომელიც რეპერმა 2010 წლის ნოემბერში გამოუშვა. ალბომი, გამოსვლიდან პირველ კვირაში, 375,000 გაყიდული ასლით, აშშ-ის Billboard-ის ჩარტში მეორე ადგილზე პოზიციონირდა. ახლადაანონსებული “Pink Friday 2” კი, სწორედ სადებიუტო ნამუშევრის მეორე ნაწილია, რომელსაც რეპერი კვლავ ნოემბრის თვეში გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ “Pink Friday 2” ნიკი მინაჟის კარიერაში მეხუთე, ხოლო გასულ 5 წელში, პირველი სტუდიური ალბომია.
ჯერ-ჯერობით უცნობია გურამ გვასალიასა და ნიკი მინაჟს შორის თანამშრომლობა მხოლოდ ერთ ლუქს მოიცავს, თუ Vetements და გვასალია უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი ნიკის ახალი მუსიკალური ერის იმიჯის შექმნაში.




Vetements -ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მოიცავს კოლაბორაციას წითელი ხალიჩის მოდის ოსტატთან, Elie Saab-თან, აგრეთვე – რეფერენსებს საკულტო ჰოლივუდური ფილმებიდან, როგორიცაა „ლამაზმანი“ ჯულია რობერთსის მონაწილეობით. სწორედ ჯულია რობერთსის წითელი კაბით შთაგონებული ლუქი მოირგო კრიშტიანუ რონალდუს მეორე ნახევარმა, ჯორჯინა როდრიგესმა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე.



Vetements 2013 წელს დემნა და გურამ გვასალიებმა დააარსეს. 2019 წელს დემნამ ბრენდი დატოვა. მას შემდეგ, Vetements -ის შემოქმედებითი და გენერალური დირექტორი გურამ გვასალიაა.