მოდამ პირველი რუსი სუპერმოდელი 2000 წელს შექმნა. ნატალია ვოდიანოვას წარმატებას მოჰყვა საერთაშორისო აგენტების ბუმი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, უკრაინა.  გამოჩნდნენ გოგონები, რომლებმაც მოდა დაიპყრეს და მათი 80% სლავური წარმომავლობის იყო. სლავური გარეგნობა კოზირად ჩამოყალიბდა, მაგრამ რაც უფრო მეტი რუსი, უკრაინელი, სლოვაკი გოგონა ერთვებოდა ბიზნესში, თითოეული მათგანისთვის სახელის დამკვიდრება უფრო რთული ხდებოდა. ასეთი იყო მოდა, როდესაც ინდუსტრიაში „მორიგი სლავი გოგონა“ გამოჩნდა. მაღალი, გრძელი ფეხებით, თეთრი კანით, ღია წაბლისფერი თმით და ცივი გამომეტყველებით,  ჩემს ადრეულ მეხსიერებაშიც ნატაშა პოლი „კიდევ ერთი სლავი გოგოა“ სამოდელო ბიზნესში.

ნატაშა პოლევშიკოვა 1985 წლის 12 ივლისს პერმში (რუსეთი) პოლიციელის და დიასახლისის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ. ღია ფერის თმა და სიმაღლე მამისგან გამოყვა. “80 პროცენტით დედა ვარ, 20-ით – მამა.”- ამბობს ტოპ მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნატაშა პოლი ბავშვობაში

ნატაშას ბავშვობიდან გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა და ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა, რის გამოც მშობლები საკმაოდ მკაცრად ზრდიდნენ. მოდელის თქმით, არაფერი არ მოხდებოდა, თუ არა დედამისი, ლარისა ვლადისლავოვნა, რომელმაც თავისი მეუღლე დაარწმუნა, რომ ნატაშა მოსკოვში კონკურსზე გაეშვათ. კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა და მილანიდან მოწვევაც მიიღო. ასე აღმოჩნდა 15 წლის ნატაშა პოლევშიკოვა მილანში. სად პერმი და სად მილანი?!

“წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი იყო ცხოვრება საზღვარგარეთ. ინგლისურად ვერ ვსაუბრობდი, არაფერი ვიცოდი რა ხდებოდა რუსეთის გარეთ, მაგალითად, რომ რუსულის გარდა კიდევ არსებობდა სხვა სამზარეულოები.” – ნატაშა პოლი.

მილანი იყო პირველი დიდი ქალაქი, სადაც ახალი კულტურა გაიცნო. 2 წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი პირველი დიდი კასტინგები ნიუ-იორკში დაეწყო. მილანისგან განსხვავებით, ნიუ-იორკს რთულად შეეგუა.

“სიცივე, სველი თოვლი და ტაქსები. ადამიანები იქით-აქეთ დარბიან. თითქოს ქალაქში კი არა ქარხანაში ვიყავი. არანაირი შარმი და სილამაზე მას არ გააჩნდა.” -ნატაშა პოლი.

საერთაშორისო პოდიუმზე პირველად 2004 წელს დადგა, როდესაც ჯამპატისტა ვალიმ ემანუელ უნგაროს ჩვენებაზე აიყვანა. ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, რაც შემდეგ მოხდა, უკვე ისტორიაა. 54 ჩვენება სადებიუტო სეზონზე მილანიდან ნიუ-იორკში. ნატაშა 2004 წლის გაზაფხული/ზაფხულის აღმოჩენა გახდა, სწორედ მაშინ, ინდუსტრიამ მას გვარი შეუმოკლა, რათა უფრო ადვილად დასამახსოვრებელი გამხდარიყო და ნატაშა პოლევშიკოვა გახდა ნატაშა პოლი.

შთამბეჭდავი პირველი სეზონის შემდეგ, პოლი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ ვოგის ყდაზე. ნატაშა პარიზის ვოგის 2004 წლის მაისის ნომერს ამშვენებდა. დამწყები მოდელი სტივენ კლეინმა გადაიღო.

მნიშვნელოვანი 2004 წლის შემდეგ, რუსით ვიქტორია სეკრეტიც დაინტერესდა. მაღალი მოდის პოდიუმიდან და ვოგის ყდიდან, ნატაშამ ვიქტორია სეკრეტის პოდიუმზე გადაინაცვლა და 2005 წელს ამერიკული საცვლების კომპანიის შოუზე პირველად გამოვიდა. 2004-იდან 2008 წლამდე ნატაშამ დაამშვენა ვოგი, მონაწილეობა მიიღო 200 – ზე მეტ ჩვენებაში, მათ შორის : შანელი, ვერსაჩე, დიორი, ლუი ვიტონი, ვიქტორია სეკრეტი, კავალი, დოლჩე & გაბანა. გახდა შემდეგი ბრენდების სახე: ჟივანში, ფენდი, გუჩი, ბალმანი, კორსი.

პოლის კარიერა შედგა. მისი მომდევნო გამოწვევა, რაც ყველა წარმატებული ტოპ მოდელის კარიერაში დგება, პოზიციის შენარჩუნებაა ბიზნესში, სადაც მათი სახე და ტანი უკვე ბევრჯერ გადაიღეს რეკლამებშიც, პოდიუმზეც და ჟურნალებშიც.

ნატაშას პიროვნების გარშემო მრავალფეროვანი წარმოდგენები არსებობდა, რასაც მოდელი თავადაც ხშირად უწყობდა ხელს. როდესაც კოკო როშა ჩვენებაზე დაეცა და კულისებში დაბრუნებული თავს ხმამაღლა ინუგეშებდა, არაუშავს, ყველა მოდელი პოდიუმზე ერთხელ მაინც წაქცეულა, იქვე მდგარმა ნატაშამ ასეთი პასუხი გასცა: „არაუშავს კოკო, მაგრამ მე არასდროს წავქცეულვარ და არც მომავალში დავეცემი“.

სიტყვებს წარმატებით ასრულებს. ის იმ იშვიათ მოდელებში შედის, რომლებიც ყველაფერს ირგებენ და საუკეთესოდ წარადგენენ ნებისმიერ პირობებში. პოლი თავის სამუშაოს ყოველთვის სიზუსტით ასრულებდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ნატაშას წარმატება მოდაში 4 წლიანი ფურორით არ დასრულდა. დიზაინერები აგრძელებდნენ მასთან მუშაობას, ნატაშა კი – განვითარებას და შრომას.

რუსის საკუთარი საქმის მიმართ სიყვარული, მონდომება და ძლიერი ხასიათი არ იყო მოჩვენებითი და დროებითი. ეს მაშინაც დამტკიცდა, როდესაც მისი თაობის ბევრმა პოპულარულმა გოგონამ ოჯახის შექმნის შემდეგ, სამოდელო კარიერას თავს დაანება, მათ შორის იყო თაობის უდავო ლიდერი- ტანია ძიაილევა. პოლიმ ოჯახი 2011 წელს შექმნა. მისი მეორე ნახევარი ჰოლანდიელი ბიზნესმენი, პიტერ ბეიკერია. 2013 წლის მაისში პირველი შვილი გააჩინა. ალექსანდრას დაბადების შემდეგ, პოლის კარიერა კვლავ წარმატებულად გაგრძელდა. ბრენდები იღებდნენ სარეკლამო კამპანიებში, ჟურნალ ვოგის ყდაზე კი შვილთან ერთად ხვდებოდა.

“ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი დედა ვარ და ვაკეთებ თუ არა ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა. ბავშვის გაჩენასთან ერთად, შეიცვალა არა მხოლოდ აწმყო და მომავალი, არამედ წარსულიც. ყველაფერზე სხვაგვარად იწყებ ფიქრს, მშობლებს ნამდვილად ახლა ვაფასებ. ჩემი მშობლები ძალიან მამაცი ხალხია, მე ასეთი მამაცი ვერ ვიქნებოდი.” – ნატაშა პოლი. 

ნატაშა პოლი შვილთან ერთად პარიზის ვოგის ყდაზე

ნატაშა Fashion TV – ს მიერ დასახელებულია 2008 წლის სეზონის #1 სახედ. ჯამში მიეძღვნა 3 ჟურნალის მთლიანი ნომერი: რუსული ვოგი, ესპანური ვოგი, Muse. ფრანგული ვოგის მიერ 21-ე საუკუნის 30 საუკეთესო მოდელშია შეყვანილი, Models.com – ის ახალი სუპერმოდელების რეიტინგში 16 მოდელშია მოხსენიებული, მის გვერდით არიან: დოუცენ კრუსი, ადრიანა ლიმა, ლეტიცია კასტა, კარა დელევინი, კარლი კლოსი და ნატალია ვოდიანოვა. დაბეჭდილია ვოგის 60-მდე ყდაზე, მათ შორის ამერიკული ვოგის 2009 წლის “Faces of the moment” ნომერზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოდაში მისი თაობის და წარმომავლობის გოგონების ერა დიდი ხნის წინ დასრულდა და ბევრი რამ განსხვავებულად განისაზღვრა, ნატაშამ დაამტკიცა, რომ ის არასდროს ყოფილა „მორიგი სლავი გოგო“. გასული 20 წლის განმავლობაში, პოლი სამოდელო ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ “Selfmade” სახედ ჩამოყალიბდა, რომლის პროფესიონალიზმს და შრომისმოყვარეობას მოდელების უმრავლესობა მისაბაძ მაგალითად მოიხსენიებს.