მეტავერსის რეალობაში ვირტუალური მოდა კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნაიკიმ ვირტუალური მოდის სტარტაპი RTFKT შეიძინა.

RTFKT 2020 წლის იანვარში შეიქმნა და ძალიან მოკლე დროში შეძლო მოდის გლობალურ რუკაზე პოზიციონირება. კომპანიამ თავდაპირველი პოპულარობა სპორტული ფეხსაცმლის ხაზით დაიმსახურა. 2021 წლის მაისის მონაცემებით, სტარტაპის ყოველთვიური შემოსავალი 4.5 მილიონი დოლარია.

ნაიკის დაინტერესება და მსხვილი ინვესტიცია გვაფიქრებინებს, რომ მომავალში, მხოლოდ ვირტუალურ სივრცესთან თავსებადი პროდუქტები მოდის სამყაროში მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებენ. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისში, ვირტუალური სპორტული ფეხსაცმელი გუჩის მოდის სახლმაც წარადგინა. ეს იყო ერთგვარი ფილტრი, რომელიც გრაფიკულ ავატარს ბოტასის ციფრულ ანალოგს ზუსტად არგებდა.

Nike-ის გარიგების ფინანსური დეტალები არ გაუვრცელებია.