მოსკინოს ახალ კოლექციაში,შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ჯერემი სკოტი თეთრ მაისურზე გაკეთებული წარწერით ამერიკელ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ არ მოუწოდებს, არც ნიღბის ტარებას გვირჩევს გლობალური პანდემიისგან დასაცავად. სამაგიეროდ, გვეუბნება, რომ არ ლაპარაკობს იტალიურად, თუმცა საუბრობს მოსკინოს ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრია ყოველდღიურობის ანარეკლია და ეს მოდის ერთ-ერთი ღირსებაა, როდესაც რეალობა ასეთი სტრესულია, გვჭირდება დიზაინერი, რომელიც ყველაფერს იუმორით და ნაკლები სერიოზულობით უყურებს.

ჯერემი შესაძლოა იყოს ერთადერთი ცნობილი დიზაინერი, რომელსაც არ ეშინია გამოჩნდეს არასერიოზული, ან რეალობას მოწყვეტილი და სწორედ ეს ხდის მას ასეთ ძლიერ ძალას თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში.

მოსკინოს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის თოჯინების შოუ, მილანის მოდის კვირეულზე, ერთ-ერთი დადებითად შეფასებული პრეზენტაცია აღმოჩნდა, რომელიც როგორც საზოგადოების უმრავლესობას, აგრეთვე რედაქტორებს და მყიდველებს, გამორჩეულად დაამახსოვრდათ. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ყოველთვის და განსაკუთრებით ახლა, გვსურს ვიხილოთ სიახლე, ღონისძიება, ნებისმიერი ფორმით წარმოდგენილი ხელოვნება, რომელიც შიშის და სინანულის ნაცვლად, გაგვაღიმებს. ხშირად, მოდის ინდუსტრიას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ჯერემი სკოტი, რომელიც მუდმივად გვახსენებს, რატომ არის იუმორი და კემპი მოდის ღირსეული ნაწილი.