თუ არსებობს ერთი მოდური ნივთი, რომლის შეძენა ინვესტიციას შეგვიძლია გავუტოლოთ, მაშინ,  პირველ რიგში, ჩვენ საკულტო ჩანთაზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ბრენდების ჩანთებზე ფასები კლების მაგივრად იმატებს და ამაში, ერთი შეხედვით, გასაკვირი არაფერია, შანელის ფასების უახლესი პოლიტიკა მაინც იწვევს განსხვავებულ რეაქციებს. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ფრანგულ მოდის სახლში ფასები უკვე მეხუთედ გაიზარდა.

პირველად ფასებმა ბრენდის ჩანთებზე საგრძნობლად 2020 წლის მაისში მოიმატა –  “11.12”-ის, “2.55”-ის, “Boy”-ის, “Gabrielle”-ისა და “Chanel 19”-ის ღირებულება 5-დან 17%-მდე გაიზარდა. ხუთი თვის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში, კვლავ – 5%-ით, მესამედ კი მიმდინარე წლის ივლისში. მაშინ “Chanel 19”-ის ფასმა დამატებით 10%-ით მოიმატა, “Flap” მოდელების ღირებულებამ კი – 15%-ით.

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ 2022 წლისთვის შანელის ჩანთებზე ფასები კიდევ იზრდება, გასულ 2 წელში – მეხუთედ!

დღევანდელი მონაცემებით, საფრანგეთში, შანელის საშუალო ზომის, Flap bag-ის ფასი 7,800 ევროს (8,800 დოლარს) შეადგენს. ეს კი, მხოლოდ 100 ევროთი ჩამორჩება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩანთის, Birkin-ის ღირებულებას.

Chanel

ფასების ასეთმა აგრესიულმა ზრდამ გააჩინა მოსაზრება, რომ ფრანგული ბრენდის პოლიტიკა არა პოსტ-პანდემიურ რეალობასთან გამკლავებით, არამედ ექსკლუზიურობის სურვილით აიხსნება. როგორც ძვირადღირებული მოდის გავლენიანი ბიზნეს-გამოცემები აღნიშნავენ, “შანელში აღარ აკმაყოფილებთ ლუი ვიტონთან და გუჩისთან კონკურენცია, ამიტომ სურთ Hermès-ის სამყაროში შეაბიჯონ.”

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და მოთხოვნადი ჩანთების ხაზს სწორედ Hermès აწარმოებს.

Tags :