15 აპრილს, თანამედროვე მოდაში, კოლაბორაციების ახალი ერა დაიწყო, როდესაც ალესანდრო მიკელემ, Gucci -ის 100 წლის საიუბილეო ჩვენებაზე, ბალენსიაგასთან თანამშრომლობა გაამჟღავნა. როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, მიუხედავად იმისა, რომ გუჩის და ბალენსიაგას ერთი კომპანია ფლობს, კოლაბორაცია, რომელიც 2 თვის წინ ვიხილეთ, მრავალმხრივ, პრეცედენტული და ისტორიული იყო.
დღეს კი, მოდის განხილვადი ქროსოვერის მეორე ნაწილის მომსწრე გავხდით. “კლონები“-ამ სახელწოდებით, დემნა გვასალიამ ბალენსიაგას 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება, ცენტრალური ევროპის დროით, 11:30 საათზე მოაწყო. როგორ იქცნენ ადამიანები ციფრულ კლონებად ტექნოლოგიების, ფოტოშოფის, სახის და სხეულის ეფექტების დამსახურებით, ჩვენების მთავარი კონცეფცია იყო, თუმცა არანაკლები ყურადღება დაიმსახურა გუჩის საკულტო სტილმა და ხელწერამ.
“ეს არ არის გუჩის ჩანთა” – ვკითხულობთ ერთ-ერთ ჩანთაზე გვასალიას უახლესი კოლექციიდან. აქსესუარს გუჩის ცნობილი მონოგრამა და პრინტი ფარავს, თუმცა იტალიური ბრენდის “GG” ლოგოს ნაცვლად, ბალენსიაგას ‘BB’ – ამშვენებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩანთა არ გახლავთ ერთადერთი პროდუქტი ბალენსიაგას ახალი ჩვენებიდან, სადაც ორმაგ ბრენდირებას ვაწყდებით. კოლექციაში წარმოდგენილი აქსესუარების 20%-ს ორივე მოდის სახლისთვის დამახასიათებელი დეტალები აქვს.
44 ლუქი პოდიუმზე გვასალიას ბალენსიაგას უცვლელმა სახემ, ელაიზა დაგლასმა წარადგინა. მხატვარი, მუსიკოსი და ვიზუალური არტისტი, დაგლასი ბალენსიაგასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ანდროგენული გარეგნობით, ის ყოველთვის იდეალურად ერგება გვასალიას მასკულინური და ფემინური სტილის სინთეზს.