ერთი წელიც არ არის გასული ბარბერის სკანდალური ჰუდიდან, რომლითაც იტალიელი დიზაინერი, რიკარდო ტიში სუიციდის თემას გამოეხმაურა და საპასუხოდ კრიტიკა დაიმსახურა. ბარბერის სუიციდით შთაგონებული ჰუდი გაყიდვაში არ გამოუშვია და რიკარდომ კი, საჯარო ბოდიში მოიხადა.
ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი იტალიელი დიზაინერი აღმოჩნდა მსგავს მდგომარეობაში, თუმცა პროტესტი არა ინსტაგრამზე, არამედ პირდაპირ პოდიუმზე ვიხილეთ. გუჩის ჩვენება თეთრ ხალათებში შემოსილმა მოდელებმა გახსნეს მაკიაჟის და ვარცხნილობის გარეშე. განათება, პოდიუმი და თეთრი ხალათები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამკურნალო დაწესებულების განწყობას ქმნიდა.

პოდიუმზე გამოსვლისას მოდელმა, აიშა ტან-ჯონსმა ხელები აწია და კამერების წინ შემდეგი წარწერით ჩაიარა: „მენტალური ჯანმრთელობა არ არის მოდა.“ ბარბერის მოდელის მსგავსად, რომლის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, აიშა ჯონსისთვისაც მენტალური ჯანმრთელობა პირად გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. აიშას ბიპოლარული აფექტური აშლილობა ჰქონდა და წლების განმავლობაში იტანჯებოდა.
გუჩის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრენდი ჩვენებაზე წარმოდგენილ თეთრ ხალათებს გაყიდვაში არ გამოუშვებს.