პრადას 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციის ჩვენების შემდეგ იტალიური მოდის სახლის შემოქმედებითი თანახელმძღვანელები – მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი – სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებენ.
WWD-ს ცნობით, დიზაინერები არაერთ თემაზე საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტუდენტებთან დისტანციურად ისაუბრებენ. ისინი შემდეგი სასწავლებლებიდან შეირჩნენ: Harvard, Fashion Institute of Technology (ნიუ-იორკი), Central Saint Martins (ლონდონი), Bunka Fashion College (ტოკიო), Tsinghua (პეკინი) და ა.შ.
აღნიშნული ინიციატივა ბრენდის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რაც პრადას თავის აუდიტორიასთან დაკავშირებას გულისხმობს და ის ამას პირდაპირი კომუნიკაციის გზით ახდენს. პირველი ნაბიჯი სექტემბერში გამართული ქალის კოლექციის ჩვენების შემდეგ მიუჩიას და რაფის მიერ წინასწარ გაგზავნილი შეკითხვებისთვის პასუხების გაცემა იყო. ამას მოჰყვა დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელებული 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულს კოლექციის სარეკლამო კამპანია, რომლის საშუალებითაც პრადამ ხალხს დაუსვა შეკითხვები და საშუალება მისცა მათთვის თავად გაეცათ პასუხები. ახლა კი პრადასთან დიალოგში სტუდენტები ერთვებიან.

ჩვენება მილანის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში 17 იანვარს არის დაგეგმილი. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა ველოდეთ მას – ეს იქნება მიუჩია პრადას და რაფ სიმონსის პირველი ერთობლივად შექმნილი მამაკაცის კოლექციის პრეზენტაცია.