სექტემბერში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, მიუჩია პრადას და რაფ სიმონსის პირველი ერთობლივად შექმნილი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ეს იყო შოუ, რომელსაც გასულ წელს ყველაზე მეტად ელოდნენ. ციფრული პრეზენტაციის შემდეგ დიზაინერებმა ხალხის წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხეს. მაშინ მიუჩია პრადამ განაცხადა:

მინდა ხალხს რაღაც აზრიანი შევთავაზო, რადგან ძალიან ბევრი ბრენდი არსებობს. ადამიანებთან კავშირი უნდა დაამყარო —  უნდა გამოიყენო, რასაც კითხულობ, სწავლობ, განიხილავ. რაც უფრო მეტად დაუკავშირდები სამყაროს, შენი საქმეც უფრო საინტერესო იქნება.“

გუშინ კოლექციის სარეკლამო კამპანიაც გავრცელდა, სახელად – „დიალოგები,“ რომელიც პრადას მოდის სახლის მხრიდან თავის აუდიტორიასთან კავშირის დამყარების მორიგი მცდელობაა.

„მომავალი შენთვის რომანტიკულ იდეას წარმოადგენს?“

„შემოქმედებითობა ნაბოძებია თუ უნარია?“

„ონლაინ უფრო თავისუფლად ლაპარაკობ?“

„როგორ განსხვავდება უნიკალური ახლისგან?“

„კონსენსუსი მოსაწყენია?“

„ბოლოს როდის შეგაცვლევინეს აზრი?“

2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის პრადა ჩვენთან დიალოგს დასმული შეკითხვებით ამყარებს, რომლებიც „საკუთარი თავის აღქმას, ტექნოლოგიების გარშემო არსებულ მოსაზრებებს და ჰუმანურობის იდეებს – მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობას, მდგრადობას“ შეეხება. ამ შეკითხვებს პირდაპირ კამპანიის ფოტოებზე წავაწყდებით, პასუხების გაცემა კი Prada.com – ზე შეგვიძლია.

პრადას საიტზე საშუალება გვეძლევა მიმდინარე საუბარს შევუერთდეთ და დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ. იტალიური მოდის სახლი ჩვენს პასუხებს საბოლოოდ ერთად მოუყრის თავს და კამპანიის ფარგლებში წარმოადგენს.

ფერდინანდო ვერდერის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით გადაღებულ კამპანიას ფოტოგრაფი არ ჰყავს. პრეს-რელიზში ხაზგასმით არის აღნიშნული: „პრადას 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია არავის გადაუღია.“ და რადგანაც ეს კამპანია ასევე „ადამიანსა და მანქანას შორის საუბრის შესწავლაა,“ მოდელები არა ცოცხალმა ადამიანმა, არამედ მათკენ მიმართულმა ასობით კამერამ სხვადასხვა კუთხიდან აღბეჭდა.

„თანამედროვე ცხოვრებას ტექნოლოგია აყალიბებს. მან რადიკალურად განსაზღვრა ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავებზე და, აქედან გამომდინარე, ჩვენი საერთო შეხედულება კაცობრიობაზე,“ – აღნიშნულია ბრენდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „კამპანია დღევანდელობას იკვლევს – რეალობას, რომელსაც მოდა ეხმიანება. ის შემოქმედებითი დინამიკის ანარეკლია.“

კამპანიას სოციალურ ქსელებში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი ბუნებიდან გამომდინარე არ იქნება გასაკვირი იმის აღნიშვნაც, რომ ის თვალსაჩინო მაგალითადაც გამოდგება თუ რას ნიშნავს ციფრულ ეპოქაში მიმების კულტურა.