ლორენცო ბერტელი, მიუჩია პრადას და პატრიციო ბერტელის ვაჟი, Prada Group-ის მმართველ საბჭოს უერთდება. ლეგენდარული დიზაინერის შვილი, ახალ ამპლუაში, პირველ სხდომას 27 მაისს დაესწრება. სწორედ ამ დღეს იგეგმება კენჭისყრა პრადას ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, კარლო მაზი, დაკავებულ თანამდებობას, თვის ბოლოს დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ პრადა პანდემიამ სერიოზულად დააზიანა – გაყიდვები 24%-ით დაეცა, მიუხედავად ამისა, კომპანიის აქციები ახლა, 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა, რადგან 2020 წლის მეორე ნახევარში, გაყიდვები მოულოდნელად გაიზარდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა პოზიტიურ მოლოდინებს. 2020 წლის სექტემბერში, მიუჩია პრადამ პირველად წარადგინა კოლექცია ბელგიელ დიზაინერთან, რაფ სიმონსთან თანამშრომლობით. სიმონსი, გასული წლის დასაწყისში, ბრენდის შემოქმედებით თანადირექტორად დასახელდა.
“2020 წელი გამანადგურებელი იყო ჩვენი ბიზნესისთვის, თუმცა პრადა ზრდას განაგრძობს და წინ კვლავ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობებია,” – აღნიშნავს პატრიციო ბერტელი, რომელიც კვლავ ინარჩუნებს ბრენდის გენერალური დირექტორის პოზიციას.
სანდო წყაროებზე დაყრდნობით, პრადას მმართველ საბჭოსთან დაკავშირებით, თავმჯდომარის ცვლილების გარდა, სხვა რადიკალურ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ლორენცოს, ის მშობლების ბიზნესში, პირველად, 2018 წელს ჩაერთო, თუმცა, როგორც მარკეტინგის და კომუნიკაციების სტრატეგი. მისი ახალი როლი კი, მოიაზრებს მთლიანად Prada Group-ის მართვაში ჩართულობას, რაც აერთიანებს არა მხოლოდ ბრენდ პრადას, არამედ: Miu Miu-ს, Car Shoes-ს და Church’s Footwear-ს.