Lyst Index -მა 2019 წლის ივლისი – სექტემბრში ყველაზე პოპულარული დიზაინერები, ბრენდები და პროდუქტები გამოაქვეყნა. Lyst Index გლობალური პლატფორმაა, რომელიც ინტერნეტში ყოველთვიურად 9 მილიონი მყიდველის ქცევას აანალიზებს.  Lyst Index სწავლობს რომელ დიზაინერებს ეძებენ ყველაზე ხშირად გუგლში, რომელ ბრენდებზე / დიზაინერებზე წერენ სოციალურ მედიაში ყველაზე ხშირად, რომელ პროდუქტებზე ლაპარაკობენ, ეძებენ და ყიდულობენ ონლაინ მაღაზიების ოფიციალურ საიტებზე. ამ ყველაფრის საფუძველზე ლისტი აქვეყნებს ინტერნეტში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს, დიზაინერებს, ბრენდებს. ტრადიციულად, Lyst Index წელიწადს ჰყოფს 4 ნაწილად, ჯერ ქვეყნდება წლის პირველი მესამედი : იანვარი – მარტი, შემდეგ მეორე : აპრილი- ივნისი, მესამე: ივლისი – სექტემბერი, მეოთხე : ოქტომბერი – დეკემბერი.

2019 წლის მესამე მესამედი – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი:

მყიდველებში ყველაზე განხვილადი ბრენდების სამეულში ადგილს ინარჩუნებენ: Off-white, Balenciaga და Gucci. Lyst Index-ის ცნობით, მხოლოდ ამ სამმა ბრენდმა შეძლო, რომ გასული 3 წლის განმავლობაში ათეული არ დაეტოვებინათ. გვასალია კვლავ ერთადერთი დიზაინერია, რომელიც ათეულში 2 ბრენდით არის წარმოდგენილი.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ვირჯილ აბლო 1 თვიან მოდურ მარათონს გამოტოვებდა. მიზეზად დიზაინერის ჯანმრთელობა დასახელდა. Lyst Index იუწყება, რომ ამ განცხადებამ ინტერნეტში Off-white-ს აქტივობაზე დიდი გავლენა იქონია, რამაც პირველი ადგილი განაპირობა.

სექტემბერში კიდევ ერთი მოულოდნელი სიახლე გავრცელდა, დემნა გვასალიამ ვეტმანი დატოვა. სიახლის გავრცელების შემდეგ, დემნა სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად მოხსნიებულ დიზაინერებში მოხვდა, ხოლო Vetements, რომელმაც ათეული 2019 წლის მეორე მესამედში დატოვა, თავის ადგილს დაუბრუნდა.

ბალენსიაგა და გუჩი ადგილებს უკვე 3 წელია ცვლიან. როგორც ჩანს, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბალენსიაგას ფანებმა უფრო იაქტიურეს და ფრანგულმა მოდის სახლმა, რომელსაც ქართველი დიზაინერი ჰყავს, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

სამეულს მოსდევს ვერსაჩე, რომელიც მეორე მესამედში 6 ადგილს იკავებდა. დაწინაურების მიზეზად ჯენიფერ ლოპეზის გამოსვლის დასახელება შეგვიძლია, რომელსაც ინტერნეტში 9 მილიონზე მეტი მედია ღირებულების გამოხმაურება მოჰყვა.

ბოტეგა ვენეტას ახალი დიზაინერის, დანიელ ლის გარშემო ატეხილი ხმაური ლოგიკურად დაგვირგვინდა ფაქტით, რომ ბოთეგა ვენეტამ 37 ადგილიდან ოცეულში გადმოინაცვლა. ოცეულში პირველად შევიდა ჯონათან ანდერსონის ლუევეც, რომელიც აპრილი – ივნისის პერიოდში 27 ადგილს იკავებდა.

დიზაინერები:

ოცეულში დასახელებული ბრენდების მთავარი დიზაინერების 60% ოფიციალური სოციალური ქსელი აქვთ და იყენებენ. მათ შორის ყველაზე აქტიური და პოპულარულია ბალმანის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ოლივერ რუსტანი, 5.5 მილიონი გამომწერით ინსტაგრამზე. ბოთეგა ვენეტას დანიელ ლი და ალექსანდრ მაკქუინის სარა ბარტონი სოციალურ ქსელებში საჯარო პროფილებს არ ფლობენ. დემნა გვასალიამ 1 თვის წინ ვერიფიკაციით დაადასტურა საკუთარი ინსტაგრამი, თუმცა გვასალია საკუთარ პროფილს ჯერ კვლავ არ იყენებს. სოციალურ ქსელებში ივლისი – სექტემბერში ვირჯილ აბლო და დემნა ყველაზე დიდი ინტერესით სარგებლობდნენ, რაც ზემოთ დასახელებულ მიზეზებს უკავშირდება (ვირჯილის ავადმყოფობა, დემნას ვეტმანიდან წასვლა).

მიუჩია პრადა, ვირჯილ აბლო, დანიელ ლი

ტოპ 20 ბრენდის მთავარი დიზაინერების საშუალო ასაკი გახლავთ 47 წელი. მათ შორის ასაკით ყველაზე უფროსი მიუჩია პრადაა. პრადა მაისში 70 წლის გახდა. ყველაზე უმცროსი მოდის ახალგაზრდა ვარსკვლავი დანიელ ლია. დანიელი ჯერ მხოლოდ 32 წლის არის.

ამჟამად ტოპ 20 ბრენდიდან მხოლოდ 25% ჰყავს ქალი შემოქმედებითი დირექტორი (მთავარი დიზაინერი). მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვნება მოდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა გახდა, Lyst Index -ის 2019 წლის ივლისი – სექტემბრის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ტოპ 20 ბრენდის შემოქმედებითი დირექტორიდან (მთავარი დიზაინერიდან) 90% თეთრკანიანია.

ბრენდები:

ტოპ 20 ბრენდიდან უმრავლესობა იტალიურია და ფუნქციონირებს იტალიაში. მათ შორის: პრადა, ვერსაჩე, ვალენტინო, გუჩი, ბოთეგა ვენეტა. იტალიის შემდეგ ყველაზე ბევრი ტოპ ბრენდი მდებარეობს საფრანგეთში, მაგალითად: ბალენსიაგა, ჟივანში, სან ლორანი, ბალმანი. იტალიას და საფრანგეთს მოსდევს ბრიტანეთი: ალექსანდრ მაკქუინი და ბარბერი. ლუევე ერთადერთი ესპანური ბრენდია, რომელსაც ოცეულში ვხედავთ, თუმცა ლუევეს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ჯონათან ანდერსონი ინგლისელია. აღსანიშნავია, რომ ვეტმანი არის ტოპ ოცის ერთადერთი ბრენდი, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს.

ჯიჯი ჰადიდი ბარბერის სარეკლამო კამპანიაში

ტოპ 20 ბრენდიდან უმრავლესობას ნახევარ საუკუნოვანი და უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. ოცეულში მოხვედრილი მოდის სახლების 20% ას წელზე მეტს ითვლის. მაგალითად ბალენსიაგა და ბარბერი. 45%  არის 40-იდან 100 წლამდე. ყველაზე ახალგაზრდა ბრენდია ვეტმანი, რომელიც სულ რაღაც 5 წლისაა.

ფასები & პროდუქტები და სოციალური მედია

ქალის და მამაკაცის სამოსი, რომელსაც ტოპ 20 ბრენდი გვთავაზობს, იყოფა შემდეგნაირად: 60% – ქალის, 40% – მამაკაცის. მათ შორის: 45% არის ტანსაცმელი, 25% ფეხსაცმელი, 17% აქსესუარები, უფრო კონკრეტულად, აქსესუარებში 13 % უჭირავს ჩანთებს.  ფეხსაცმელების კატეგორიაში დომინანტური პოზიცია უკავია კედებს – 57%.

რაც შეეხება ფასებს, ტოპ 20 ბრენდიდან მხოლოდ 14% აქვს პროდუქცია 200$ -ზე ნაკლებად. 29% ხვდება – 200$ – 500$ კატეგორიაში, 17% – 500$-700$, ხოლო დანარჩენი 750 დოლარზე მაღლა.

ჯამში ტოპ 20 ბრენდის სახელებს სოციალურ ქსელებში 416 მილიონი მონიშვნა ჰქონდა. ოცეულში ნაიკი ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული ბრენდია 94.3 მილიონი გამომწერით. მეორე ადგილზე ვხედავთ გუჩის 62.6 მილიონი მიმდევარით.

ქალის და მამაკაცის ყველაზე პოპულარული პროდუქტები ონლაინ

და ისევ ბოთეგა ვენეტა. დანიელ ლის ძალიან წარმატებული დებიუტის შემდეგ, მყიდველები ახალი ბოთეგათი ვერ კმაყოფილდებიან. ბრენდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი Lyst Index-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტების სათავეში მოექცა. აქტუალობას არ კარგავს ადიდასის სნიკერები, დემნას ირონია ( „ბულავკა“ მერვე ადგილზე) და ფენდის პრინტები.