მილანში 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეული 20-26 სექტემბერს გაიმართება. იგეგმება თითქმის 70 ფიზიკური შოუ. სეზონს გამორჩეულს სადებიუტო შოუები გახდის. Etro, Ferragamo, Missoni, Bally – ყველა ამ იტალიურ ბრენდს ახალი შემოქმედებითი დირექტორი ჰყავს, ისინი პირველი ჩვენებებისთვის ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ ფილიპო გრაციოლის და მარკო დე ვინკენზოს სადებიუტო კოლექციებს, Etro-ს და Missoni-ს მოდის სახლებისთვის, 23 სექტემბერს ვიხილავთ.

დებიუტების გარდა, აღნიშვნას იმსახურებს საინტერესო „ტრანსფერი“ ლონდონიდან. დოლჩე&გაბანას მხარდაჭერით, ახალგაზრდა ინგლისელი დიზაინერი მეთი ბოვანი ჩვენებას ლონდონის ნაცვლად, მილანში გამართავს.

რა თქმა უნდა ყველას ყურადღება მიპყრობილი იქნება დიზელისკენაც. ეს უკანასკნელი Lyst Index-ის მიხედვით, ახლა ყველაზე სწრაფად ზრდადი ბრენდია მოდის ინდუსტრიაში. ბელგიელი დიზაინერის, გლენ მარტენსის ხელმძღვანელობით, Diesel -ის ახალი კოლექციები გულგრილს არავის ტოვებს.
ფიზიკური ჩვენებების და ციფრული პრეზენტაციების გარდა, კვირეულის ორგანიზატორები – Sustainable Fashion Awards-საც აანონსებენ. დაჯილდოება „ლა სკალაში“ გაიმართება. საღამოს წამყვანი მსახიობი როსი დე პალმა იქნება.
კვირეულის საბოლოო განრიგი 7 სექტემბერს გამოქვეყნდება.