მოდის იტალიური კონგლომერატი, Only The Brave ჯილ სანდერის მფლობელი გახდა. ჯერჯერობით უცნობია ფინანსური დეტალები გარიგებიდან, თუმცა გავრცელებული განცხადებებიდან ვიგებთ, რომ OTB ჯგუფმა ჯილ სანდერის 100% -იანი წილი შეიძინა.
ბრენდი 1960-იან წლებში დაარსდა, გერმანელი დიზაინერის, ჯილ სანდერის მიერ. ჯილი მინიმალისტური მოდის ერთ-ერთი პიონერია კელვინ კლაინთან ერთად. გერმანელმა განსაკუთრებული პოპულარობა 1990-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა. მაშინ, როდესაც მოდაში ყველაზე ხშირად სიტყვები: სიმდიდრე და ფუფუნება ისმოდა, სანდერის დიზაინი თავისუფალი იყო ლოგოებისგან, მის ესთეტიკას ზუსტად შეესაბამება სიტყვები: “Less is More”. Jil Sander, 2008 წელს, იაპონურმა კომპანიამ, Onward Holding-მა შეიძინა. სწორედ ხსენებული ჰოლდინგისგან იყიდა ბრენდი Only The Brave (OTB) კონგლომერატმა.
ჯილ სანდერის ახალი – 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია
OTB-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, Renzo Rosso გავრცელებულ სიახლესთან დაკავშირებით აღნიშნავს:
„ბრენდის შექმნის დღიდან, მე მისით აღტაცებული ვიყავი და ყოველთვის პატივს ვცემდი. მიუხედავად მფლობელების და შემოქმედებითი მიმართულების ცვლილებისა, მოდის სახლმა შეინარჩუნა დამფუძნებლის ხედვა და თავდადება სილამაზისადმი, ხარისხისადმი და მისი ხელწერისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმისადმი.“
OTB რამდენიმე ცნობილ ბრენდს ფლობს,მათ შორის: Maison Margiela-ს და Marni-ს.