2019 წლის 26 აგვისტოს, CFDA-ს და MTV- ს თანამშრომლობით, მარკ ჯეიკობსი გახდება პირველი დიზაინერი, რომელიც მუსიკაში და პოპ-კულტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის VMA Awards – ზე ჯილდოს მიიღებს. MTV VMA Awards – ზე ახალი ჯილდოს სახით Fashion Trailblazer – ის დამატება ამაღელვებელი სიახლეა, განსაკუთრებით იმ დიზაინერებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ძალიან დიდ შრომას დებდნენ ვარსკვლავების იმიჯის შექმნაში.

მარკის MTV – ით შთაგონებული რესორთ კოლექცია

VMA- ზე მუსიკოსებს მაიკლ ჯექსონის სახელობის Video Vanguard Award გადაეცემათ, რომელიც 1984 წლიდან არსებობს. გასულ წლებში Video Vanguard Award მიიღეს: ბიონსემ, რიანამ, კანიე უესტმა, ჯენიფერ ლოპესმა, ბრიტნი სპირსმა, ჯასტინ თიმბერლეიკმა. VVA -ს პირველი მფლობელი დეივიდ ბოუი გახლდათ. 26 აგვისტოს მარკ ჯეიკობსი შევა ისტორიაში, როგორც პირველი დიზაინერი, რომელიც VMA -ზე Fashion Trailblazer Award-ს მიიღებს.

მარკ ჯეიკობსის გრანჟ კოლექცია ვოგის ფურცლებზე

მარკის შემოქმედებაში მუსიკის და პოპ კულტურის გავლენა მუდმივად შეიმჩნეოდა, ჯერ კიდევ მისი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შოუდან. გაგახსენებთ პერი ელისის 1993 წლის კოლექციას.

 “ეს იყო კოლექცია, რომლის ჩვენების შემდეგ მარკ ჯეიკობსი პერი ელისიდან გაუშვეს. ეს იყო შოუ, რომელმაც მისი კარიერა შექმნა.” – ნიკოლ ფელფსი.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების დამსახურებით გრანჟი უკვე არსებული კულტურის შემადგენელი ნაწილი იყო და გავლენას ახდენდა საზოგადოების ფორმირებაზე, მაშინ მოდაში მუგლერის, მონტანას, ალაიას, ვერსაჩეს დომინაციის პერიოდი იყო და ვითარებაც დღევანდელისგან განსხვავებული იყო. მაშინ მოდა რეალობისგან გაქცევას ცდილობდა, ის კონცენტრირებული იყო ფანტაზიაზე და არა იმ სინამდვილეზე, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობდა. ამიტომაც მოჰყვა კრიტიკა მარკის გრანჟ კოლექციას, რომელიც არსებულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდა. თუმცა ჯეიკობსს კრიტიკა არასდროს აშინებდა.

შერი მარკ ჯეიკობსის კამპანიაში

ნირვანას საუნდტრეკებით გაფორმებული ჩვენებებით, MTV-ს პრინტებით შთაგონებული მაისურებით, ლედი გაგას, შერის, მაილი საირუსის სარეკლამო კამპანიებით, თუ ქარდი ბის და ანა ვინტურის დასამახსოვრებელი წინა რიგის მომენტით, მარკ ჯეიკობსი გასული 30 წლის განმავლობაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის ცენტრში იმყოფებოდა.