ნირვანას და მარკ ჯეიკობსის სასამართლო დავა ახალ ფაზაში შევიდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 2 წლიან პროცესს დასრულება ჯერ არ უწერია. თუ ვერ ხვდებით რაზეა საუბარი, მოკლედ და თანმიმდევრულად მივყვეთ დავას, რომელიც პერიოდულად იქცევს საზოგადოების ყურადღებას.
ამერიკელ დიზაინერს ნირვანას წარმომადგენლებმა 2 წლის წინ უჩივლეს. ჯეიკობსს ბრალი დასდეს ბენდის მომღიმარი ლოგოს თაღლითურად გამოყენებაში. ლოგო პირველად ნირვანას ალბომის ‘’Nevermind’’-ის გამოსაშვებ წვეულებაზე იქნა წარდგენილი, 1991 წელს.

ჯეიკობსმა თავიდანვე უარყო ბრალდებები. დიზაინერის ადვოკატები განმარტავდნენ, რომ ნირვანა ლოგოს ლეგიტიმური მფლობელი არ იყო. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ მარკის მაისურებზე გამოსახული მომღიმარი სახე ნირვანას ლოგოსგან განსხვავდება. დიზაინერის ინტერპრეტაციაში ვხედავთ, რომ თვალების მაგივრად გამოყენებულია მარკის სახელის ინიციალები: MJ, აგრეთვე გაკეთებულია განსხვავებული წარწერა – ‘Heavenly’.

მოგვიანებით, დავაში მესამე პირი ჩაერთო – რობერტ ფიშერი, რომელიც ამბობდა, რომ მომღიმარი სახის ლოგო მან შექმნა და უსამართლობაა, რომ ავტორობას ნირვანას სოლისტს, კურტ კობეინს მიაწერენ. „იმის გამო, რომ ის მე დავხატე, მინდა მიცნობდნენ კაცად, რომელმაც ის დახატა,“ ამბობს 58 წლის რობერტ ფიშერი. „სულ ეს არის.“ ნირვანას ადვოკატ ბერტ დაიქსლერის განცხადებით, ფიშერის სარჩელს ლეგალური საფუძველი არ გააჩნდა და მისი ჩარევა ნირვანას სასარგებლოდ პროცესის წარმართვას ხელს არ შეუშლიდა, თუმცა ჯეიკობსის ადვოკატები მაინც გეგმავენ შიფერის გარემოების სათავისოდ გამოყენებას.
მარკ ჯეიკობსის ადვოკატები აპირებენ დაამტკიცონ, რომ მომღიმარ სახეზე ნირვანას არ აქვს კანონიერი უფლება და ლოგო არ ეკუთვნის ცნობილ ბენდს. მათი სარჩელის ერთ-ერთ ყველაზე დიდ არგუმენტად კი, სწორედ რობერტ ფიშერი გვევლინება. „მაისურის დიზაინის შემქმნელი არტ დირექტორი რობერტ ფიშერია, რომელიც ნირვანას დასაქმებული არ ყოფილა. მისი მტკიცებით, თავის დიზაინზე უფლება არავისთვის გადაუცია და არ არსებობს სხვა წერილობითი შეთანხმება, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს“, ამბობენ ჯეიკობსის ადვოკატები.

სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო სიტყვა იქნება საკამათო ლოგოზე, რომელიც წლების განმავლობაში ბევრი დავის საფუძველი გამხდარა.