მოულოდნელი სიახლე ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა უკვე იქონია გავლენა ბრიტანული მოდის სახლის აქციებზე. ამ დროისთვის ბარბერის აქციებზე ფასები 8%-ით არის შემცირებული. მარკო ბრენდს 2017 წელს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქრისტოფერ ბეილიმ მოდის სახლის შემოქმედებითი და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. გობეტი გადადგომის მიზეზად ოჯახთან სიახლოვის ნაკლებობას ასახელებს. როგორც მაღალი მოდის გავლენიანი აღმასრულებელი აღნიშნავს, ის ამაყობს ბარბერიში გატარებული წლებით, თუმცა ახლა დროა, რომ ოჯახს და მშობლიურ იტალიას დაუბრუნდეს.
“ბუნებრივია, რომ საბჭოც და მეც იმედგაცრუებულები ვართ მარკოს გადაწყვეტილებით, მაგრამ გვესმის და პატივს ვცემთ მის სურვილს დაბრუნდეს იტალიაში, საზღვარგარეთ, თითქმის, 20 წლიანი ცხოვრების შემდეგ,” – ამბობს წამყვანი ბრიტანული ბრენდის თავმჯდომარე, გერი მერფი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ გობეტის ინიციატივა იყო რიკარდო ტიშის Burberry-ის შემოქმედებით დირექტორად დანიშვნა.
უცნობია, თუ ვინ დაიკავებს Burberry -ის გენერალური დირექტორის თანამდებობას, რადგან მარკოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საზოგადოებისათვის, არამედ ბრენდის მფლობელებისთვისაც მოულოდნელი იყო. მოდის პრესის სანდო გამოცემებზე დაყრდნობით, ბარბერი ახლა იწყებს კანდიდატების განხილვას. რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ გობეტი არ ტოვებს მაღალი მოდის ბიზნესს, მარკო იტალიაში დაბრუნების შემდეგ, Salvatore Ferragamo-ს უხელმძღვანელებს.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან, Salvatore Ferragamo საინტერესო და თანამედროვე ბრენდად ტრანსფორმირდა, მოდის სახლმა მაინც ვერ მოახერხა ერთგული კლიენტების შეძენა და შენარჩუნება. ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რაც საბოლოოდ, აისახა შემოსავლების მკვეთრ ვარდნაზე. შედეგად, რამდენიმე თვის წინ, ბრენდი დატოვა შემოქმედებითმა დირექტორმა, პოლ ენდრიუმ. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარკო გობეტი Salvatore Ferragamo – ს საკმაოდ რთულ დროს უერთდება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის მომავალ ნაბიჯებს.