ფრანგი მსახიობი, მარიონ კოტიარი Chanel – ის საკულტო სუნამოს, Chanel No.5-ის ახალი სახეა. სიახლე პირველად თებერვალში გავრცელდა, თუმცა სარეკლამო კამპანიიდან ახალი ფოტოები და ვიდეოები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

თუ არსებობს სურნელი, რომელიც თამამად შეგვიძლია მოვიხსნიოთ, როგორც კლასიკა, მაშინ ჩვენ სწორედ Chanel No.5 – ზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რეალობაში, ცნობილი ბრენდები, მოდის სახლები ახალ-ახალ სურნელებს თითქმის ყოველდღიურად გვთავაზობენ, წლებია იმისათვის საჭირო, რომ კონკრეტული სუნამო კლასიკად შეფასდეს. Chanel No.5 პირველად თითქმის 100 წლის წინ, 1921 წელს წარადგინეს. ამ წლების განმავლობაში, ეს სურნელი ფემინურობის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა.

Chanel No.5-ის სახე სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი ქალი იყო, მათ შორის: მერლინ მონრო, ნიკოლ კიდმანი, ჟიზელ ბუნდჩენი და ა.შ. ფრანგული სტილით და სილამაზით აღიარებული მსახიობი, მარიონ კოტიარი პირველად უწევს რეკლამას საერთაშორისოდ სახელგანთქმულ სუნამოს.

რაც შეეხება სამოსს, რომელიც მარიონს ამშვენებს, როგორც ფრანგული მოდის სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, ოქროსფერი კაბა კოკო შანელის ერთ-ერთი უსაყვარლესი კაბის რეინტერპრეტაციაა , რომელმაც შთააგონა კარლ ლაგერფელდის 1996 წლის კოლექცია.

N°5. THE FILM — CHANEL Fragrance