საკულტო პრინტი, ლოგო დამახასიათებელი ნიშით, რომელსაც მილიონობით ადამიანი თვალის ერთი შევლებით ცნობს, ძვირადღირებული მემკვიდრეობაა, რომელზეც ლუი ვიტონი, გუჩი, ბარბერი, შანელი და სხვები მილიარდიან ბიზნესს აწყობენ. ნებისმიერი ახალბედა დიზაინერისთვის საოცნებოა შექმნას სასურველი პრინტი, ქსოვილი, ლოგო, რომელიც, ერთი შეხედვით, მის სახელს გაგვახსენებს.

პარიზში, ფრანგი დიზაინერის, მარინ სერეს დებიუტი 2018 წლის თებერვალში შედგა. სერემ დიზაინის პრესტიჟულ კონკურსში, LVMH Prize -ში გაიმარჯვა და ფრანგული კონგლომერატისგან, რომელიც ლუი ვიტონს, დიორს და ფენდის ფლობს, მსხვილი დაფინანსება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგის დებიუტიდან ჯერ მხოლოდ 2 წელია გასული, მოდის ინდუსტრიაში უკვე საუბრობენ, რომ მისი „მთვარის პრინტი“ შესაძლოა გახდეს მორიგი ძვირადღირებული მემკვიდრეობა, რომელზეც მულტი-მილიონიანი ბრენდი აშენდება.

მას შემდეგ, რაც ახალბედა დიზაინერმა პირველი კოლექცია წარადგინა, ვარსკვლავების სტილისტები სერეს ერთგული კლიენტები გახდნენ. პრინტს ვხედავთ ყველა დიდი ვარსკვლავის ინსტაგრამზე ბიონსედან კაილი ჯენერამდე.

ბიონსე პირველი საერთაშორისო ვარსკვლავი იყო,რომელმაც 28 წლის დიზაინერის სამოსი მოირგო. ამერიკელი მომღერალი, სერეს ლუქში, ჯერ პაპარაცების ობიექტივში გამოჩნდა, შემდეგ კი, ფოტოები ინსტაგრამზე ატვირთა, რამაც GOOGLE – ში მარინის პრინტზე ძიების რეზულტატი გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ბიონსეს და მის მოცეკვავეებს, ახალი ვიზუალური ალბომის, “Black is King” -ის სინგლის, “Already” -ს მუსიკალურ ვიდეოკლიპშიც Marine Serre აცვიათ.

ახალი ალბომის გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთმა გლობალურად ცნობილმა მომღერალმა, ადელმა ბიონსეს მიმართ აღტაცება ინსტაგრამზე გამოხატა. ადელსაც, როგორც ბიონსეს, მარინ სერე ეცვა.

Lyst Index – ის ინფორმაციით, მარინ სერე მყიდველებში პოპულარული ხდება, თუმცა მომხმარებელში განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ „მთვარის პრინტი“ იწვევს. Lyst Index საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ინტერნეტში, ყოველთვიურად, 9 მილიონი მყიდველის ქცევას აანალიზებს. Lyst Index სწავლობს რომელ დიზაინერებს ეძებენ ყველაზე ხშირად გუგლში, რომელ ბრენდებზე / დიზაინერებზე წერენ სოციალურ მედიაში ყველაზე ხშირად, რომელ პროდუქტებზე ლაპარაკობენ, ეძებენ და ყიდულობენ ონლაინ მაღაზიების ოფიციალურ საიტებზე და ა.შ.

წელს, ცნობილი გახდა, რომ ფრანგ დიზაინერს „მთვარის პრინტზე“ უფლების მოპოვება სურს, თუმცა პირველ ჯერზე უარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, მაღალი მოდის ინდუსტრიაში, მთვარეს სწორედ მარინ სერესთან მივყავართ, მარინს ლოგოს და პრინტის წარმომავლობაზე უფრო მყარი და ძლიერი არგუმენტები დასჭირდება, სანამ ოფიციალურად ნახევარმთვარე მხოლოდ მისი ბრენდის დამახასიათებელი ნიშა გახდება.

Tags :