პანდემიის პრევენციის მიზნით, უკვე მეორედ, მოდის დიზაინში აღიარებული კონკურსი, ‘The International Woolmark Prize’ ვირტუალურად გაიმართა. წლევანდელ კონკურსს არა მხოლოდ ონლაინ ფორმატი, არამედ შედეგიც გამოარჩევდა.

ახალგაზრდა დიზაინერმა, მათი ბოვანმა ორივე მთავარ კატეგორიაში გაიმარჯვა და დაიმსახურა ჯილდო, როგორც განსაკუთრებული შემოქმედებითობისათვის, აგრეთვე მოდისადმი ინოვაციური მიდგომისთვის.

Matty Bovan

‘The International Woolmark Prize’ -ზე მსგავსი ტრიუმფის მომსწრე იშვიათად ვხდებით, თუმცა ბოვანის ექსპერიმენტული, ინდივიდუალური, ხშირად პომპეზური და თეატრალური ხედვა უკვე წლებია იქცევს ყურადღებას. ახალგაზრდა დიზაინერი ბრიტანული მოდის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა. მათი გაიზარდა ნიუ-იორკში, თუმცა სწავლობდა ლონდონის Central Saint Martins-ში, ის მონაწილეობას იღებს ლონდონის მოდის კვირეულში.

“მათი იმსახურებს გამარჯვებას, რადგან ნამდვილ მოდას ქმნის. ის ახალგაზრდა ვივიენ ვესტვუდს, ან ჯონ გალიანოს მახსენებს. თანამედროვე მოდას სწორედ მისნაირი დიზაინერები სჭირდება,” – ამბობს ფრანგული ვოგის ყოფილი მთავარი რედაქტორი, CR Fashion Book -ის დამფუძნებელი და სტილისტი, კარინ როიტფელდი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ვივიენ ვესტვუდი მათის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, ლეგენდარული დიზაინერი ხშირად ესწრება ბოვანის ჩვენებებს.

1954 წელს,‘The International Woolmark Prize’-ის გამარჯვებულები ივ სენ ლორანი და კარლ ლაგერფელდი გახდნენ. მას შემდეგ, კონკურსი პოზიციონირდა, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერების აღმოსაჩენად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ღონისძიება. რაც შეეხება მათი ბოვანს, ის, პრიზის სახით, პროფესიონალების მენტორობასთან ერთად, 300,000 დოლარს მიიღებს.