Louis Vuitton – ის მამაკაცის კოლექციის ჩვენებამ ჩინეთის სოციალურ მედიაში ნახვების რეკორდი მოხსნა. როგორც WWD წერს, შანხაიში ფრანგული მოდის სახლის კოლექციის წარდგენას Weibo-ზე 68 მილიონი, Douyin -ზე 18 მილიონი, Tencent – 8 მილიონი, ხოლო OOH – ზე 1 მილიონი მნახველი ჰყავდა, რაც მოდური ბრენდის ჩვენებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ჩინელი მაყურებლის გარდა, ხუთშაბათს გამართულ შოუს ინსტაგრამზე 3.3 მილიონი, ფეისბუქზე 335,000, ტვიტერზე 1.6 მილიონი, ბრენდის ოფიციალურ საიტზე კი 84,000 ნახვა ჰქონდა.
Louis Vuitton ძვირადღირებული ტანსაცმლის ყველაზე დიდი ბრენდია, რომელიც გუგლის წლიური მონაცემებითაც პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ჩინეთში გამართული მამაკაცის ჩვენების ნახვებზე გავლენა კრის ვუმაც იქონია. ჩინელმა მსახიობმა, მომღერალმა, კ-პოპ ჯგუფის EXO-ს ყოფილმა წევრმა ლუი ვიტონის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება დახურა, რასაც ფანების მღელვარება მოჰყვა.
Louis Vuitton გაზაფხული/ზაფხული 2021 – მამაკაცის კოლექცია
ჩინეთში რეკორდული მნახველის პარალელურად, ბრენდის კაცის ხაზის შემოქმედებითი ხელძღვანელი, ვირჯილ აბლო სკანდალში გაეხვა. ამერიკელი დიზაინერი, ლეგენდარული ანტვერპენის ექვსეულის წევრის, უოლტერ ვან ბეირენდონქის კოლექციის მითვისებაში დაადანაშაულეს.
ვირჯილი საკამათო ვითარებებში ხშირად ხვდება, თუმცა ეს შემთხვევა გამონაკლისია, რადგან უოლტერი და ბელგიური მოდის ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანები, როგორებიც არიან Olivier Theyskens, Inge Grognard თავად გამოეხმაურნენ ვირჯილის „მორიგ სხვისგან მითვისებულ კოლექციას“.
