სახელგანთქმულმა მუზეუმმა, ლუვრმა ლეონარდო და ვინჩის გამოფენის აღსანიშნავად ტანსაცმლის კაპსულა კოლექცია დააანონსა, რომელსაც ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ვირჯილ აბლო შექმნის.

ლუი ვიტონისთვის ლუვრი უჩვეულო და მოულოდნელი არჩევანი არ გახლავთ. ბრენდი ქალის ხაზის კოლექციებს ლუვრის სივრცეში ხშირად მართავს. ტრადიციულად, სწორედ ლუვრში, ლუი ვიტონის შოუთი იხურება პარიზის მოდის კვირეული და მთლიანად 1 თვიანი მოდური მარათონი როგორც გაზაფხული/ზაფხულის, ასევე შემოდგომა/ზამთრის სეზონზე.

კაპსულა კოლექციის შეძენა მუზეუმის სასაჩუქრე მაღაზიაში, ოფ-უაითის ოფიციალურ საიტზე და რამდენიმე ცნობილ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი, როგორებიცაა Browns და Farfetch. ფასები 355 – 640 დოლარამდე იმერყევებს.

ლუვრის მუზეუმი x ვირჯილ აბლო

გასულ კვირაში ახალი თანამშრომლობა დააანონსა ვეტმანმაც, რომელიც დემნა გვასალიას გარეშე პირველ ნაბიჯებს დგამს. Vetements x Star Wars ვეტმანის 44 ყველაზე ცნობილ პროდუქტს აერთიანებს. კაპსულა კოლექციაში ყველაფერი შედის: კეპები, მაისურები, შარვლები, კაბები, ფეხსაცმელები, ჩანთები.  Vetements x Star Wars ბრენდის მიერ შერჩეულ ყველაზე ცნობილ მაღაზიებში გაიყიდება, მსოფლიოში დაახლოებით 12 ქვეყანაში. ონლაინ ექსკლუზივი SSENSE-ს აქვს, ხოლო ფიზიკურად კოლექციის წარდგენა პირველად მოსკოვში, ძვირადღირებული ტანსაცმლის ყველაზე ცნობილ სავაჭრო სივრცეში, ცუმში მოხდა.

გურამ გვასალიამ აღნიშნა, რომ კოლაბორაციის მოსკოვში წარდგენას არავინ ელოდა და მოულოდნელობის ეფექტის ქონის გამო ეს ბრენდისთვის კარგია, თუმცა მისი გადაწყვეტილება ცუმის ყოფილ დირექტორთან, ალა ვერბერთან მეგობრობასაც შეიძლება დავუკავშიროთ. ალა 2019 წლის აგვისტოში ყველასთვის მოულოდნელად, იტალიაში, ალერგიის შედეგად გარდაიცვალა.  

ეს მოსკოვში ბრენდის პირველი ოფიციალური საღამო იყო. წარსულში ვეტმანს ივენთები ლოს-ანჯელესში, ჰონგ-კონგში და სეულში აქვს მოწყობილი.

Vetements x Star Wars

2020 წლის დასაწყისში ბიონსე და ადიდასი კიდევ ერთხელ ითანამშრომლებენ. ვარსკვლავმა სიახლე ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა. ბიონსეს Ivy Park – ის უახლესი კოლექციის შეძენა იანვარში იქნება შესაძლებელი. თანამშრომლობის შესახებ მომღერალმა ჟურნალ ელის ახალ ნომერშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჯერად უნისექსს სამოსზე გააკეთა აქცენტი.

ბიონსემ Ivy Park 2016 წელს ტოპშოფთან თანამშრომლობით შექმნა.

@beyonce

ELLE ამერიკა იანვარი 2020: ⁣
მთავარი რედაქტორი: Nina Garcia
ყდაზე: Beyoncé
ფოტოგრაფი: Melina Matsoukas⁣
სტილისტი: Karen Langley ⁣