ლეგენდარული სუპერმოდელის აღიარებამ მსოფლიო აალაპარაკა. 1990-იანი წლების სამოდელო ბიზნესის უკონკურენტო ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა და თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ გამოცდილებას ნათელი მოჰფინა.

წლების განმავლობაში, პრესა და გულშემატკივრები აქტიურად სვამდნენ შეკითხვებს ლინდას გაუჩინარების შესახებ. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, Versace-ს მოდის სახლმა, ჯანი ვერსაჩეს სასტიკი მკვლელობიდან 20 წლის თავზე, ნოსტალგიური შოუ მოაწყო, რომელიც სიმბოლურად, 90-იანი წლების სუპერმოდელებმა დახურეს. ეს იყო მოდის ზეიმი და მოვლენა, რომელმაც სოციალური ქსელები ააფეთქა, თუმცა ყველას გვაინტერესებდა, სად იყო ლინდა და რატომ არ ჩანდა ის კლაუდია შიფერის, ნაომი ქემბელის და სინდი კროუფორდის გვერდით.

Linda Evangelista

“ჩემს გამომწერებს, რომლებსაც გაინტერესებდათ, თუ რატო არ ვმუშაობდი მე, მაშინ, როდესაც ჩემი თანატოლების კარიერა ყვაოდა, მიზეზი ისაა, რომ საშინლად დამამახინჯეს,” როგორც სუპერმოდელი წერს, მან ცხიმის მოშორების მიზნით კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა, თუმცა დაპირებული კარგი შედეგის ნაცვლად, დაგროვილი ცხიმების რაოდენობა გამრავლდა და სხეულმა დეფორმაცია დაიწყო. ლინდას თქმით, ცხიმგროვების გამრავლების და სხეულის დეფორმირების პროცესი არ შეჩერდა დამატებით ორი მტკივნეული ოპერაციის შემდეგაც. “ისეთი დამტოვეს, როგორც მედიამ დამახსიათა, ძნელად საცნობი,” ამბობს ლეგენდარული სუპერმოდელი.

გარეგნობის სამუდამოდ დეფორმირების შემდეგ, ლინდას მძიმე დეპრესია განუვითარდა და საჯარო ცხოვრებისგან დისტანცირდა. 5 წლიანი სიჩუმის და დამალვის შემდეგ, ის მზად არის გამოჩნდეს.

“მე ისე დავიღალე ასე ცხოვრებით, მინდა შინიდან თავაწეული გავიდე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკუთარ თავს აღარ ვგავარ,”

– ლინდა ევანგელისტა.

ლინდას პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სუპერმოდელს კოლეგები და მეგობრები ამხნევებენ. “შენ ხარ და ყოველთვის იქნები სუპერმოდელი. ახლა საკუთარ დიდებულ რეზიუმეს სუპერ გაბედული მოდელიც მიუმატე. მიყვარხარ,” წერს ჯერემი სკოტი.

Tags :