დაარსების დღიდან კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩა მოდის და კინო ინდუსტრიების გადაკვეთის წერტილს წარმოადგენს. ყოველწლიურად, კანში, უამრავი ადამიანი ელის არა მხოლოდ კინემატოგრაფისტების ნამუშევრებს, არამედ სანახაობას, რომელსაც ცნობილი მოდის სახლების კოსტიუმებში შემოსილი ვარსკვლავები გვთავაზობენ.
ზოგი უფრო ფრთხილ გადაწყვეტილებას იღებს და საკუთარ ჩამოყალიბებულ სტილს არ ღალატობს, არიან ისეთებიც, რომლებიც ექსპერიმენტებს არ უშინდებიან და წითელ ხალიჩაზე ნამდვილ სანახაობას აწყობენ.
ერთი რამ ცხადია, კანში ყველას სურს იყოს გამორჩეული და დასამახსოვრებელი, თუმცა მხოლოდ ერთეულები ახერხებენ შემორჩნენ ისტორიას. 34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პრინცესა დაიანა, პირველად და უკანასკნელად, კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა.
ლედი დის დიზაინერ ქეთრინ უოლკერის ღია ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც იდეალურად იყო შეხამებული შარფთან, აქსესუარებთან და ფეხსაცმელთან, თუმცა ამ კოსტიუმის განსაკუთრებულს არა მხოლოდ სწორად შერჩეული ფერი, ფორმა და სტილი, არამედ შექმნის ისტორია ხდის.
ცნობილია, რომ პრინცესა დაიანას შთაგონება გრეის კელის პერსონაჟი გახდა, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმიდან – „ქურდის დაჭერა“. ლეგენდარულ მსახიობს ფილმში ლაჟვარდისფერი ბერძნული ლუქი ამშვენებს.
მიუხედავად ჰოლივუდურ კინოში აქტიურად მოღვაწეობის ხანმოკლე პერიოდისა, გრეის კელი კინო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პერსონად მიიჩნევა. გრეისის ბიოგრაფიის მნიშვნლოვანი მომენტი, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მონაკოს პრინცთან ქორწინებაა. რენიე III გრეისმა 1955 წელს, კანის კინოფესტივალზე გაიცნო. გრეისი და დაიანა ერთმანეთს 1981 წელს შეხვდნენ, მონაკოს პრინცესამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალ წევრს რჩევებიც კი მისცა, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა ცხოვრების ახალ სტილს და სტატუსს. ამ შეხვედრიდან ერთი წელში, 1982 წლის 13 სექტემბერს, პრინცესა გრეისის მანქანა, ავარიის შედეგად, ხევში გადაიჩეხა და 52 წლის ასაკში, ჰოლივუდური კინოს ლეგენდა გარდაიცვალა. 15 წლის შემდეგ, დაიანას სიცოცხლეც უბედურმა შემთხვევამ, ავარიამ იმსხვერპლა.
2013 წელს, პრინცესა დაიანას კაბა, რომელიც მას კანის კინოფესტივალზე ამშვენებდა, აუქციონზე 81,000 ფუნტად გაიყიდა, თანხა კი, ბავშვთა საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.