სპორტული ტანისამოსის გიგანტებს შორის არსებული კონკურენცია სიახლე არავისთვისაა. მეორეს მხრივ, არც კოლაბორაციებია გასაკვირი მოვლენა თანამედროვე მოდაში, სადაც თითქმის ყოველკვირეულად გვხვდება სტატიები ბრენდებს შორის თანამშრომლობის შესახებ. თუმცა ნაიკის და ადიდასის ბოლოდროინდელი აქტივობები ინტერესს ნამდვილად იწვევს. ასე მაგალითად, მხოლოდ გასულ 6 თვეში, ადიდასმა უკვე წარადგინა კოლექციები პრადასთან, გუჩისთან და ბალენსიაგასთან ერთად. უახლესი კოლაბორაცია 22 მაისს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვიხილეთ. ქართველმა დიზაინერმა, დემნამ ბალენსიაგას 2023 წლის კრუიზული შოუს მეორე ნაწილი მთლიანად ადიდასს დაუთმო.

მანამდე იყო გუჩი, 2022 წლის შემოდგმა/ზამთრის სეზონზე, ალესანდრო მიკელემ გუჩის ახალი კოლექციის ჩვენება Gucci x Adidas კოსტიუმით დახურა.

ტრენდს არ ჩამორჩება ნაიკიც, რომელმაც ახალი თანამშრომლობის შესახებ სიახლე სულ რაღაც ერთი კვირის წინ გაავრცელა – მალე მომხმარებელი Jacquemus x Nike-ის იხილავს. ფრანგული მოდის ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა დიზაინერთან კოლაბორაციის პარალელურად, ნაიკი მუშაობას აგრძელებს საფრანგეთში ყველაზე დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: ლუი ვიტონი და დიორი. თუმცა ეს სრული სია არ არის. აზიური მარკეტის ზრდის ფონზე, ნაიკისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია იაპონურ ბრენდთან, საკაისთან თანამშრომლობაც.