თანამედროვე ეპოქაში მოდა იქცა ბიზნესად, სადაც დიზაინერის კარიერის მდგრადობას გაყიდვების ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებელი განსაზღვრავს. ხშირ შემთხვევაში, ცნობილი ბრენდების შემოქმედებით დირექტორებს მხოლოდ 3-4 სეზონი აქვთ, რათა დაამტკიცონ, რომ მათი ხედვა კომერციულად სანდო და მომგებიანია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც დიზაინერი კომერციულად წარმატებულია, თუმცა ბრენდთან მისი თანამშრომლობა მხოლოდ 3 წელში სრულდება?
დანიელ ლის და “ბოტეგა ვენეტას” მოულოდნელი განცხადება, თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, მოდის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შოკური სიახლეა. დანიელი ბრენდს 2018 წელს შეუერთდა და ძალიან მოკლე დროში შეძლო ის, რაზეც ყველა ახალგაზრდა დიზაინერი ოცნებობს – მილიარდ დოლარამდე გაზრდილი შემოსავალი, It – ჩანთა და ინფლუენსერები, რომლებიც მზად არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წარადგინონ ბრენდის კოლექციები.
ინგლისელი დიზაინერის წარმატება ვერც პანდემიამ შეაფერხა. Bottega Veneta -ს გაყიდვებმა ზრდა კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღის დროსაც განაგრძო. სწორედ მაშინ, როდესაც მსოფლიო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ლის დიზაინზე მოთხოვნა კლების მაგივრად იმატებდა.
Bottega Veneta გაზაფხული/ზაფხული 2020 Bottega Veneta გაზაფხული/ზაფხული 2020
გასულ წლის ოქტომბერში, პანდემიის პარალელურად, დანიელმა კოლექცია ლონდონში წარადგინა. პრეზენტაცია, რომელსაც მოდის სახლმა ‘Salon 01’ უწოდა, დახურული იყო. მისი ხილვა საზოგადოებამ მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში შეძლო. ლონდონის შემდეგ, დენიელმა არჩევანი ბერლინზე შეაჩერა, სადაც 9 აპრილს ‘Salon 02’ ჩვენება საკულტო ღამის კლუბ ბერგჰაინში მოაწყო. ბერლინიდან ინგლისელმა ამერიკაში გადაინაცვლა და “ბოტეგა ვენეტას” ‘Salon 03’კოლექცია დეტროიტში წარადგინა.
სწორედ დეტროიტში გამართული ჩვენებიდან 3 კვირის თავზე, ცნობილი გახდა, რომ დანიელ ლი და Bottega Veneta თანამშრომლობას აღარ აგრძელებენ. იტალიური ბრენდის მფლობელი კომპანიის, Kering-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „დიზაინერმა და ბრენდმა კოლაბორაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.“
სიახლის გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში აქტიურად ისმის კითხვები და ვერსიები Bottega Veneta -ში დანიელ ლის 3 წლიანი მოღვაწეობის მოულოდნელი ფინალის შესახებ. ერთ-ერთი პირველი ვერსიის თანახმად, რომელიც Twitter-ზე გავრცელდა, ინგლისელ დიზაინერს უფრო ცნობილმა და პრესტიჟულმა მოდის სახლმა, “ბარბერიმ” შესთავაზა შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა.

Burberry-ისთან დაკავშირებულ ჭორს პრესაში გამოხმაურება არ მოჰყოლია. მოდის გავლენიანმა გამოცემებმა განსხვავებული საკითხი წამოჭრეს.
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, WWD-იმ სტატია გამოაქვეყნა, სადაც მოდის ინსაიდერები Bottega Veneta -ს და დანიელ ლის თანამშრომლობის შეწყვეტის მთავარ მიზეზად დიზაინერის რთულ ხასიათს ასახელებენ. “არაკომუნიკაბელური,” “უკარება,” “მისი ნიჭი უდავოა, მაგრამ პიროვნულობა ცალკე საკითხია, ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა ბრენდი,” ამბობენ ანონიმური წყაროები. მათი თქმით, ინგლისელი დიზაინერის პრობლემერი ხასიათის გამო, ბრენდში სტრესული, არაკომფორტული სამუშაო გარემო შეიქმნა და თანამშრომელთა უმრავლესობა უკმაყოფილო იყო.
ანონიმური წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დიზაინერს და ბრენდს განცხადება არ გაუკეთებიათ.