ჩაცმის სტილი ყურადღების მიპყრობის ძალიან დიდ შანს იძლევა. აქტუალურობის მოპოვების ამ მარტივ ხრიკს ბუნებრივად, თუ ბევრი ფიქრის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში ქალები იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის პოპ, გრანჟ და როკ’ნ როლ კერპების წარმატებაში სტილის და გემოვნების თანდაყოლილმა შეგრძნებამ დიდი როლი ითამაშა, მამაკაცების წითელი ხალიჩის, თუ პაპარაცული ფოტოების განხილვისას ჩაცმულობაზე ყურადღების აქტიური გამახვილება ბოლო დეკადის მონაპოვარია.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/10/MTY3NDU1X3Bvc3RfMTU5NTUyNDg3Ng.jpeg)
გამორჩეულობის სურვილი არა მარტო ქალების, არამედ მამაკაცების ჩაცმულობაშიც შესამჩნევი გახდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, წითელი ხალიჩის სანახაობრივ წარმოდგენად ქცევაზე ჯარედ ლეტო, ტიმოთი შალამე, ეზრა მილერი და სხვა ცნობილი მამაკაცები ზრუნავდნენ.
ეპატაჟური სახეების პარალელურად, კვლავ არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც შედარებით ფრთხილ არჩევანს აკეთებენ – უპირატესობას ანიჭებენ ერთ კონკრეტულ სტილს, თუმცა მაინც დასამახსოვრებლები და სასურველები არიან.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/10/MTY3NDc1X3Bvc3RfMTU5NTUyNTQxMw.jpeg)
ერთ-ერთი მათგანია კიანუ რივზი, რომელიც თავისი პირველი დიდი კინო როლიდან, 35 წლის შემდეგაც, არ კარგავს აქტუალობას. მსახიობი 2020 წელს ყველაზე კარგად ჩაცმულ მამაკაცთა რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებდა. გარდა ამისა, რივზი Saint Laurent-ის მამაკაცის ხაზის სარეკლამო კამპანიის სახეც გახლავთ.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/10/MTY3NDc3X3Bvc3RfMTU5NTUyNTQxMg.jpeg)
კამპანიის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ბელგიელი დიზაინერი, ენტონი ვაკარელოა, ხოლო ფოტოგრაფი ინგლისელი – დეივიდ სიმსი.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/10/MTY3NDU2X3Bvc3RfMTU5NTUyNDg3NA.jpeg)
დიზაინი და მოდა კიანუს ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბავშვობიდან შეიჭრა. მსახიობის დედა, პატრიცია ტეილორი პროფესიით კოსტუმების დიზაინერი გახლავთ.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/10/MTY3NDU3X3Bvc3RfMTU5NTUyNDg3Mg.jpeg)
კიანუს სტილზე საუბრისას რთულია თქმა, რომ მან ყველაფერი გამოსცადა, თუმცა 90-იანი წლების გრანჟიდან დღემდე, მსახიობის გარდერობი და პიროვნულობა ყოველთვის ჰარმონიულად ერწყმოდნენ ერთმანეთს. სწორედ გულწრფელობა და ავთენტურობა გამოარჩევს რივზის შავ კოსტუმს სხვა ვარსკვლავების იგივე ფერის და მოდელის კოსტუმებისგან.