The Lions Management -ის ოფიციალურ საიტზე ირინა შეიკის პროფილი აღარ იძებნება. თუ სამოდელო სააგენტოს ოფიციალურ საიტზე მოდელის პროფილი იშლება, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს – ამ ორს შორის თანამშრომლობა შეწყდა. თუმცა დამატებითი მტკიცებულებისთვის შეგვიძლია კიდევ ერთი გარემოება დავასახელოთ, რუსმა მოდელმა The Lions -ის ყველაზე წარმატებული აგენტი Ali Kavoussi, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა, ინსტაგრამიდან წაშალა.

ამერიკული The Lions Management ირინას მთავარი, ე.წ. „დედა სააგენტო“ იყო. შეიკმა კარიერულ მწვერვალს სწორედ The Lions-ის წარმომადგენლობით მიაღწია.

სამოდელო ბიზნესის პრაქტიკა ნათლად გვაჩვენებს, რომ წარმატებული მოდელები იშვიათად იცვლიან სამოდელო სააგენტოებს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა ჩნდება კითხვები. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალს. შეგახსენებთ, რომ ივლისში, ინსტაგრამზე რუსი სუპერმოდელის სთორებს წინააღმდეგობრივი გამოხმაურება მოჰყვა. შეიკმა ტრადიციული სალათა ოლივიე გამოაქვეყნა და წარწერად დაურთო: “Russianzz on Wednaday”.

24 თებერვლის შემდეგ, რუსეთში Z უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერ სიმბოლოდ იქცა. Z სიმბოლოთი არის მოხატული რუსული სამხედრო ტექნიკაც. სკანდალის შემდეგ, სუპერმოდელმა სთორები წაშალა და გამომწერებს შემდეგი ტექსტით მიმართა: „ზოგჯერ სალათა არის უბრალოდ სალათა. გპირდებით: არანაირი კოდირებული მესიჯები ან პოლიტიკური კომენტარი. გისურვებთ სიყვარულს.“