ვიქტორია სეკრეტმა ცნობილი სუნამოს, Bombshell – ის ახალი სარეკლამო კამპანია გაავრცელა, რომელსაც ყველასთვის მოულოდნელად, ჯოან სმოლსი და ირინა შეიკი ამშვენებენ. ტოპ მოდელებს ბრენდთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, თუმცა არც ერთი მათგანი VS – ში კონტრაქტიანი „ანგელოზი“არ არის.
ჯოანის და ირინას კამპანიაში გამოჩენა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ Victoria’s Secret -ის საკულტო „ანგელოზის“ სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგან ტრადიციული გაგებით, ბრენდის კონტრაქტიანი „ანგელოზები“ VS – ის პოდიუმის და კატალოგის სხვა მოდელებისგან სწორედ იმით გამოირჩეოდნენ, რომ მსგავს მსხვილ კამპანიებში მხოლოდ მათ იღებდნენ.
ახლა, Victoria’s Secret -ს ათზე მეტი კონტრაქტიანი „ანგელოზი“ ჰყავს, თუმცა ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სუნამოს რეკლამას უწევენ არა „ანგელოზები“ არამედ სხვა ცნობილი მოდელები, რაც რა თქმა უნდა, „ანგელოზის“ უკვე გაუფერებულ საკულტო სტატუსს კიდევ უფრო აუფერულებს.
წარსულში, როდესაც „ანგელოზებს“ შორის ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ჟიზელ ბუნდჩენი, ტაირა ბენქსი, ჰაიდი კლუმი, მირანდა კერი, როუზი ჰანგთინთონ-უაითლი და სხვები იყვნენ, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან კამპანიაში სხვა ცნობილი მოდელი გადაეღოთ, თუმცა აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ ზემოთხსენებული მოდელების ეპოქაში, ვიქტორია სეკრეტს არ ჰქონდა საჭიროება „ბომბშელები“ ბრენდის გარეთ მოეძია. მათ თანამედროვე შემადგენლობაში კი, რთულია მოვიძიოთ კონტრაქტიანი „ანგელოზები“, რომლებიც უფრო შეეფერებიან „ბომბშელ“ სუნამოს, ვიდრე ნამდვილი ბომბშელები: ირინა შეიკი და ჯოან სმოლსი. ამიტომ ბრენდის არჩევანი, ალბათ, უნდა მოვიწონოთ.